ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
გიორგი გახარია სამუშაო ვიზიტით ინდოეთის რესპუბლიკაში იმყოფება
10-04-2017

ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს ინდოეთის ტურიზმისა და კულტურის სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. მაჰეშ შარმამ და გიორგი გახარიამ საქართველოსა და ინდოეთის ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს ის პოტენციალი, რომელიც ქვეყნებს ტურიზმის, ვაჭრობის, საჰაერო მიმოსვლისა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში აქვთ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ინდოეთში საქართველოს ელჩი არჩილ ძულიაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის არჩევნებში საქართველოდან წარდგენილი კანდიდატი, საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში ზურაბ პოლოლიკაშვილი - შეხვედრის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო სწორედ მისი მხარდაჭერის საკითხი მაისში დაგეგმილ არჩევნებში.

„დღეს დაიწყო ეკონომიკის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი ინდოეთში, რომლის ძირითადი მიზანი გახლავთ მემორანდუმის ხელმოწერა ინდოეთსა და საქართველოს შორის შესაძლო თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების შესახებ. ეს არის ძალზე სერიოზული ნაბიჯი, რომელმაც კიდევ უფრო მეტი ენერგია უნდა შესძინოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ ზრდას. სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში გვქონდა პირველი, ძალიან საინტერესო შეხვედრა ინდოეთის ტურიზმისა და კულტურის სახელმწიფო მინისტრთან. განვიხილეთ კონკრეტული და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, მაგალითად, საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნის საკითხი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული გაცვლის რეჟიმებსა და მათ ინტენსივობას“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრის თქმით, შეხვედრის ერთ–ერთი თემა იყო საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლებლობები, რამაც ასევე  მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი ბიზნესაქტივობებს. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა - „ინდოეთის ტურიმზისა და კულტურის სახელმწიფო მინისტრთან ასევე განვიხილეთ გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის მაისში დაგეგმილი არჩევნები და საქართველოდან წარდგენილი კანდიდატის, ბატონი ზურაბ პოლოლიკაშვილის მხარდაჭერის საკითხი. ეს ყველაფერი იყო ძალზე თბილ, მეგობრულ რეჟიმში და შემიძლია აღვნიშნო, რომ ნაყოფიერ რელსებზე დგება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები“.

ზურაბ პოლოლიკაშვილის შეფასებით, საინტერესო შეხვედრა შედგა ინდოეთის ტურიზმისა და კულტურის სახელმწიფო მინისტრთან, რომელიც საკმაოდ დაინტერესებულია საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობით. „ძალიან საინტერესოა ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები საქართველოსა და ინდოეთს შორის. ეს არის დიდი ქვეყანა ტერიტორიულად ჩვენთან ახლოს, აქვს საინტერესო ბაზარი და საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება შეიძლება. საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებისა და შესაძლებლობების შესახებ. ეს არის ერთ–ერთი პირველი, მაღალი დონის ვიზიტი და იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობების დინამიკა სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდება და შედეგიანი იქნება“ – აღნიშნა პოლოლიკაშვილმა. 


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2016 ©