ნათია თურნავამ „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში 2020 წელს სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ პრეზენტაცია გამართა
14-12-2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში 2020 წელს სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართა.

მინისტრმა ისაუბრა ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსა და სამომავლო პროგნოზებზე, ასევე ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან სტრუქტურულ რეფორმებსა და მათ ფარგლებში განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ აქტივობებზე, მათ შორის, ენერგეტიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, კომუნიკაციების, მშენებლობისა და სხვა სექტორების მიმართულებით.

მინისტრის წლიური ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო კოვიდ-19-ის ეპიდემიის გავრცელებისა და მართვის პროცესებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაწილეობას, აგრეთვე გადაწყვეტილებებს, რომელიც საქართველოს მთავრობის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელა ანტიკრიზისული გეგმისა და მოქალაქეთა მხარდაჭერის ფარგლებში. მისი თქმით, 2020 წლის განმავლობაში, მთელი სახელისუფლებო გუნდის, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო და  არის ანტიკრიზისული ღონისძიებების განხორციელებისკენ, სადაც, მთავარი აქცენტი, პირველ რიგში,  ყოველთვის კეთდებოდა მოსახლეობის დახმარებაზე.

„ეს არის 1200 ლარიანი დახმარების პაკეტი მათვის, ვინც, მიუხედავად ჩვენი ყველა მცდელობისა, დროებით დაკარგა სამუშაო - ეს პროექტი ერთხელ განხორციელდა და კვლავაც გაგრძელდება 2021 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში. ასევე აღსანიშნავია 300 ლარიანი დახმარება თვითდასაქმებულ პირთათვის, რომელიც ჯერ მკაცრი შეზღუდვებისა და ახლა უკვე წერტილოვანი შეზღუდვების პერიოდში ხორციელდება, ეს არის დამატებითი მხარდაჭერის პაკეტები სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მათ შორის მრავალშვილიანი ოჯახებისა და შშმ პირებისთვის, ასევე ერთჯერადი უნივერსალური დახმარება ბავშვებისთვის, რაც გაიცა მთავრობის მიერ, ეს არის უნივერსიტეტის სწავლის გადასახადის სუბსიდირება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის და ერთ-ერთი ყველაზე წონადი დახმარება - კომუნალური ხარჯების სუბსიდირება, რაც ერთხელ უკვე განხორციელდა პანდემიის დასაწყისში სამი თვის განმავლობაში და 2020 წლის ნოემბრიდან გრძელდება ოთხი თვით“, - აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებითა და მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, განხორციელდა საკარანტინე სივრცეების მოწყობა. ამ დროისთვის, სპეციალურად გადამზადებული სასტუმროს პერსონალი მოემსახურა 133,767 ადამიანს. საკარანტინე სივრცეების პროექტში მონაწილეობა მიიღო 215-მა სასტუმრომ, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობამ 3,620 შეადგინა. 

გარდა ამისა, განხორციელდა 800-მდე ფრენა და საქართველოს 6,000-მდე მოქალაქის უსაფრთხო და ორგანიზებული ტრანსპორტირება. 
საყოფაცხოვრებო პირბადეების წარმოების პროექტის ფარგლებში, რომელმაც პანდემიის გავრცელების პირველ თვეებში საქართველოს მოსახლეობა სრულად უზრუნველყო იმ დროისთვის დეფიციტური პირბადეებით, განხორციელდა 5,4 მლნ პირბადის წარმოება. 

სამინისტროს ჩართულობით, თხევადი ჟანგბადის მწარმოებელმა კომპანიებმა თხევადი ჟანგბადის წარმოება 55 პროცენტით გაზარდეს. შესყიდულ იქნა 10 დანადგარი, რაც დღიურად 10 ტ. თხევადი ჟანგბადის შესაბამისი მოცულობის სამედიცინო ჟანგბადის წარმოებას უზრუნველყოფს. 

საკოორდინაციო შტაბთან ერთად ოპერატიული და ტაქტიკური ამოცანების შესასრულებლად, შეიქმნა და ამუშავდა ელექტრონული მართვის რამდენიმე პლატფორმა. მათ შორის, ბიზნეს ვიზიტორების მართვის, ნაცვალგების შეთანხმების ქვეყნებიდან ვიზიტორთა წინასწარი რეგისტრაციის და პროექტის „იმუშავე საქართველოდან“ ელექტრონული პლატფორმები.  

„ჩვენ ამ პროცესში ჩართულები ვართ, რა თქმა უნდა, სხვა შესაბამის უწყებებთან და საგანგებო შტაბთან ერთად. მათ შორის შეიქმნა ბიზნესვიზიტორების მართვის პლატფრომა, რაც მიუხედავად შეზღუდვებისა და პანდემიისა, ბიზნესვიზიტორების და ინვესტორების უსაფრთხო ჩამოყვანის უზრუნველყოფის საშუალებას გვაძლევდა. 18 000-მდე განაცხადი დამუშავდა ამ პლატფორმის მეშვეობით და ის დღესაც მოქმედებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე ისაუბრა ნაცვალგების შეთანხმების ქვეყნებიდან ვიზიტორთა წინასწარი რეგისტრაციის პლატფორმის შესახებ, რომელიც ასევე 2020 წლის ივლისიდან მოქმედებს და რომლის მეშვეობითაც დამუშავდა 8 000-მდე სარეგისტრაციო განაცხადი, საიდანაც 6000-მდე ვიზიტორმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა. 

მინისტრის თქმით, ამავე პერიოდში დაიწყო პროექტი „იმუშავე საქართველოდან“, შესაბამისი ელექტრონული პლატფორმით. ის უცხოელ მოქალაქეებს  საშუალებას აძლევს, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ და აქედან გააგრძელონ მუშაობა. ნათია თურნავას ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში გაცემულია 1000-მდე ნებართვა საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქის შემოსვლაზე. 
 
„მკაცრი და წერტილოვანი შეზღუდვების მართვის პროცესში, ასევე სხვა შესაბამის სტრუქტურებთან ერთად ვიმუშავეთ ინსპექტირების ჯგუფების შემადგენლობაში, ვამოწმებდით, თუ როგორ ასრულებს ბიზნესი ეპიდემიოლოგიურ რეკომენდაციებს, და ამ პროცესში 1500-ზე მეტი ობიექტის შემოწმება მოხდა“, - აღნიშნა მინისტრმა.

2020 წელს სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში ნათია თურნავამ იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომლებიც უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროს ჩართულობით, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ბიზნესის დასახმარებლად შეიქმნა და განხორციელდა.

„ჩვენი ერთ-ერთი პროგრამა და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ იქცა ბიზნესის დახმარების ერთ-ერთ მძლავრ ბერკეტად, განსაკუთრებით პანდემიისგან დაზარალებული სექტორებისთვის. 2020 წლის განმავლობაში, მიუხედავად პანდემიისა, დაფინანსდა 78 ახალი პროექტი, რაც არის ჯამურად 161 მილიონი ლარის ინვესტიცია, ასევე განხორციელდა მიკრომეწარმეების მხარდამჭერი კონკურსი, რისთვისაც გამოყოფილია  40 მილიონ ლარამდე,  პრაქტიკულად, გაორმაგებული ბიუჯეტი,“ - აღნიშნა მინისტრმა.
 
ნათია თურნავას ინფორმაციით, ამოქმედდა საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რომელიც ერთ-ერთ მძლავრ ბერკეტად იქცა კრიზისში მყოფი ინდუსტრიების მხარდაჭერისთვის (2020 წლის განმავლობაში დღემდე მხარდაჭერილია 121 პროექტი), ასევე  იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც განკუთვნილი იყო ბინათმშენებლობისა და იმ ადამიანების მხარდაჭერისთვის, ვისაც იპოთეკური სესხით ბინის შეძენა სურდა (6317 სესხის მხარდაჭერა).

„ასევე აქცენტი გაკეთდა დაზარალებულ ინდუსტრიებზე, რომელთა დასახმარებლად სრულიად ახალი მიმართულებები შეიქმნა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში - მაგალითად, ეს არის საბანკო სესხის პროცენტის სუბსიდირების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმროებისთვის, რომლითაც დღემდე უკვე ისარგებლა 2200-მდე სასტუმრომ; ასევე ტურისტული კომპანიებისთვის საბანკო გარანტიების სუბსიდირების მექანიზმი, რომლითაც  33 ტურისტული კომპანია უკვე სარგებლობს,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში სამინისტროში  რეგულარული შეხვედრები იმართებოდა სხვადასხვა ჯგუფთან, რომლებიც  ასევე დაზარალდნენ პანდემიის გამო. „მხარდაჭერის მიმართულებებს დავამატეთ ივენთ-კომპანიებისთვის საბანკო სესხისა და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა, ახლახან ამოქმედდა ასევე სარესტორნო ინდუსტრიის საბანკო სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს განაცხადების მიღება და დღევანდელი ინფორმაციით, უკვე 1400-ზე მეტმა რესტორანმა მოგვმართა განაცხადით. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ისეთი სტარტაპებისა და ინოვაციების წახალისებას, რომელიც დისტანციურ სამუშაოსთან და უსაფრთხოების ნორმების დანერგვასთან იყო დაკავშირებული“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

„2020 წელს, მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ ვაგრძელებდით რეფორმებს, ვაუმჯობესებდით ჩვენი სერვისების ეფექტურობას, ბიზნესებისთვის და ინვესტორებისთვის შევქმენით უფრო მეტად კომფორტული და მიმზიდველი გარემო“, - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ეკონომიკის სამინისტროში ამოქმედდა პროექტი „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“, სადაც  ერთი ფანჯრის პრინციპით, იუსტიციის სახლის და საზოგადეობრვი ცენტრების მეშვეობით ადამიანების რამდენიმე ბიზნესპროგრამის და სერვისის მიწოდება მოხდება კონკრეტულ რეგიონებში მთელი საქართველოს მასშტაბით. 

ნათია თურნავას განცხადებით, ასევე აქტიური რეფორმები გატარდა სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიმართულებით, კერძოდ - სტრუქტურულად მოხდა ორი სხვადასხვა ორგანიზაციის შერწყმა: ქონების მართვის და საფინანსო სერვისების სააგენტოების, და ახლა უძრავი  და მოძრავი ქონების განკარგვა ერთი ფანჯრის პრინციპით ხდება. 

„ასევე 2019 წლის ბოლოს დაიწყო და მთელი 2020 წლის განმავლობაში წარმატებით გრძელდებოდა პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, როდესაც 100 პარალელური აუქციონი მუდმივად ტარდებოდა და ამ პროექტის ფარგლებში 2020 წელს გაიყიდა 88 ობიექტი, რომელთა ჯამური საპრივატიზებო თანხა 43 მლნ ლარია. მთლიანობაში 2020 წელს სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად მობილიზებულია 124 მლნ ლარი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. 

ამასთან, ნათია თურნავას  თქმით, უწყება მთელი წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა და ყველაფერს აკეთებდა წიაღისეულის, ამ მნიშვნელოვანი რესურსის ეკონომიკაში ჩართვის მიმართულებით. „ბიზნესისთვის შეთავაზებულ იქნა წიაღით სარგებლობის 100 პარალელური ელექტრონული აუქციონი. აუქციონზე გავიდა და გაიყიდა წიაღითსარგებლობის 433 ლიცენზია; საბადოებზე ქვეყნის მასშტაბით 2 015 სამუშაო ადგილი შეიქმნა; მოზიდული ინვესტიციის მოცულობამ 20 800 000 ლარი შეადგინა“, - განაცხადა მინისტრმა.

ანგარიშში აქცენტი გაკეთდა საქართველოს მთავრობის მიერ ბიზნესის სტიმულირების მიზნით მიღებულ სხვა გადაწყვეტილებებზე და უკვე მიღებულ პირველ შედეგებზე, მათ შორის, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტებისთვის საშეღავათო დაბეგვრის რეჟიმის ამოქმედების შედეგად, საქართველოში უკვე დაიწყო ოპერირება ორმა გლობალურმა IT კომპანიამ - EPAM -მა და Exadel - მა, ხოლო საზღვაო თევზჭერის განვითარების პროექტით, მიმდინარეობს 3 ახალი გემის მშენებლობა და 4- ის - განახლება. 

პრეზენტაციაზე ასევე ყურადღება გამახვილდა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა მშენებლობაც პანდემიის დროს დადგენილი გრაფიკის მიხედვით განხორციელდა. მათ შორის, გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმის ფარგლებში გაზიფიცირდა 171 დასახლება და 32,293 ოჯახი; დასრულების ფაზაშია ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გაფართოება; ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან  სტარტი აიღო ინტერნეტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის სახელმწიფო პროგრამამ, რომელიც Log in Georgia - ს პროექტის ფარგლებში განხორციელდება და რომელიც საქართველოს 1000-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს შეეხება და მსოფლიო ბანკის პარტნიორობით ხორციელდება.

ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განსამტკიცებლად მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტები განხორციელდა - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, ენერგეტიკის დარგის განვითარება ძალიან სწრაფად მიდის - პრაქტიკულად, დასრულდა ენერგეტიკის სექტორის რეფორმის განხორციელებისთვის აუცილებელი ყველა საკანონმდებლო ბაზის შექმნა, დაფუძნდა ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც წელს სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს. 

„მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა მნიშვენლოვანი ენერგეტიკული პროექტები, რაც განამტკიცებს ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, მათ შორის 2020 წელს ექსპლუატაციაში შევიდა ან მშენებლობის ეტაპზე გადავიდა 670 მგვტ-მდე ჯამური დადგმული სიმძლავრის ჰიდროსადგურები. დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა 230 მგვტ სიმძლავრის, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გარდაბანში. ცოტა ხნის წინ დასრულდა ინტერესთა გამოხატვა კიდევ ერთ, 272 მგვტ სიმძლავირს თბოსადგურისთვის, რომლის მშნებლობაც უახლოეს პერიოდში დაიწყება. ასევე განხორცილდა უმარავი პროექტი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით: აშენდა ორი ახალი მაგისტრალური მილსადენი, ქვესადგურები, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები და ა.შ.“, -  აღნიშნა ნათია თურნავამ.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©