საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ურთიერთდაცვის შეთანხმება გაფორმდა
29-01-2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და საქართველოში იაპონიის ელჩმა იმამურა აკირამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ. 

შეთანხმება ითვალისწინებს სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შემოღებას ორივე ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების მიმართ, რამაც ხელი უნდა შეიწყოს საქართველოსა და იაპონიას შორის კერძო კაპიტალის მოძრაობას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას, ეკონომიკური რესურსების ეფექტიან განვითარებასა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. 

„ამ ხელშეკრულების ხელმოწერით და ჩვენი აქტიური მუშაობით ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პოსტკოვიდ პერიოდში, როდესაც გვჭირდება აქტიური ინვესტიციები, რაც შეიძლება მეტი იაპონელი ინვესტორი დავაინტერესოთ, შემოვიყვანოთ ჩვენთან სხვადასხვა დარგში და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
 
მინისტრის განცხადებით, შეთანხმების შესახებ მოლაპარაკება ქვეყნებს შორის ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო. მას შემდეგ ძალიან აქტიურად იმუშავა როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ასევე საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებმა. შედგა მოლაპარაკების ექვსამდე რაუნდი, რაც საბოლოო ჯამში ხელმოწერით დასრულდა. 

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც შექმნის მძლავრ ჩარჩოს არა მხოლოდ იაპონიასა და საქართველოში არსებული საინვესტიციო აქტივების დასაცავად, არამედ ბიზნესის უცხო ქვეყანაში ინვესტირების წახალისების კუთხითაც. შეთანხმების ამოქმედება ძალიან კარგი გზავნილი იქნება იაპონური ბიზნესისთვის, რომ საქართველოს ბიზნესგარემო სულ უფრო უმჯობესდება. ის უზრუნველყოფს ინვესტიციების დაცვას და საქართველოში ახალი ინვესტიციების ლიბერალიზაციას. ასე რომ, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ იაპონია-საქართველოს თანამშრომლობა ამ სფეროში კიდევ უფრო განვითარდება,“ - განაცხადა იაპონიის ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ.

შეთანხმების ხელმოწერამდე ნათია თურნავა იაპონიის ელჩს საქართველოში იმამურა აკირას შეხვდა, რომელთანაც ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე საქართველოს ბაზარზე იაპონური საინვესტიციო აქტივობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. 

აღინიშნა, რომ იაპონია წარმოადგენს მნიშვნელოვან ინვესტორ ქვეყანას საქართველოსთვის და დიდი მნიშვნელობა ენიჭება იაპონიიდან განხორციელებულ ინვესტიციებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ისეთ სექტორებში, როგორიცაა ჰიდროენერგეტიკა, „მწვანე წყალბადის“ წარმოება, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი და სატრანსპორტო დერეფნის განვითარება და სხვ. 

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოში იაპონური კაპიტალის მონაწილეობით 26 კომპანია ფუნქციონირებს. 2020 წლის 3 კვარტლის მონაცემებით, იაპონიიდან საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციამ შეადგინა 15.4 მლნ. აშშ დოლარი, საიდანაც ძირითად საინვესტიციო სექტორს ენერგეტიკა წარმოადგენდა. 2020 წლის გაზაფხულზე, იაპონურმა ენერგო-გიგანტმა, კომპანიამ TEPCO Renewable Power (TEPCO RP) ინვესტიცია განახორციელა საქართველოს ენერგო სისტემაში და ერთ-ერთ უმსხვილეს პროექტში 31.4% წილი შეძინა. 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველოსა და იაპონის შორის ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების არსებობა გახდება მნიშვნელოვანი სამართლებრივი საფუძველი და დამატებითი სტიმული იაპონიის ინვესტორებისათვის საქართველოში ინვესტიციების წახალისებისთვის.
 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©