ნათია თურნავა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პიტერ სიიარტოს შეხვდა
12-03-2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პიტერ სიიარტოს შეხვდა. უნგრეთის დელეგაცია, რომელსაც პიტერ სიიარტო ხელმძღვანელობს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 

ნათია თურნავას განცხადებით, გლობალური პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველოს და უნგრეთს შორის ძალიან კარგი მომავალია იმისათვის, რომ გაიზარდოს არა მხოლოდ ორმხრივი ვაჭრობა, არამედ საინვესტიციო შესაძლებლობებიც. 

„შარშან, ჩვენი საგარეო ვაჭრობის შემცირების მიუხედავად, საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივი ვაჭრობა 4 პროცენტით გაიზარდა. მათ შორის, დადებითი დინამიკა დაფიქსირდა როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის შემთხვევაში,“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე განიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროებში. აღინიშნა, რომ უნგრეთის ავიაკომპანია „ვიზეარი“ საქართველოს ავიაბაზარზე არსებული უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა. ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოსთან მიმართებაში „ვიზეარის“ გეგმები ცნობილია და ისინი რეგულარულ ფრენებს მალე აღადგენენ. 

შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და გურამ გურამიშვილი, აგრეთვე საქართველოს ელჩი უნგრეთში ზაალ გოგსაძე და უნგრეთის ელჩი საქართველოში ვიქტორია ჰორვატი.  


 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©