საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მეზღვაურთა სერტიფიცირების სისტემის აღიარების თაობაზე მემორანდუმი გაფორმდა
20-09-2021

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სუჰაილ მოჰამეს ალ მაზროუეიმ მეზღვაურთა სერტიფიცირების სისტემის აღიარების თაობაზე ურთიერთაღიარების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

არაბთა გაერთიანებული საამიროები გამოირჩევა სოციალური და სამუშაო პირობების თანამედროვე სტანდარტებით, მათ შორის მაღალი ანაზღაურებით. 2020 წლის მონაცემებით, საამიროების დროშის ქვეშ მცურავი ფლოტი 631 გემისგან შედგება, რომელთა საერთო ტევადობა 740 DWT-ს უახლოვდება.

საზღვაო განათლებისა და მეზღვაურთა სერტიფიცირების სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარების მიმართულებით ბოლო ათწლეულის განმავლობაში გატარებულმა რეფორმებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქართველოს და ქართველი მეზღვაურების რეპუტაცია საერთაშორისო საზღვაო სივრცეში. სწორედ ამ ფაქტორების ზემოქმედებით ყოველწლიურად ფართოვდება მსოფლიო დასაქმების ბაზარი ჩვენი მეზღვაურებისათვის. დღეს მათ უკვე 61 საზღვაო დროშის ქვეშ მცურავ ფლოტზე შეუძლიათ დასაქმება, მათ შორის 18 ევროკავშირის წევრი ქვეყანაა. ამ დროშების ქვეშ მსოფლიო ფლოტის 80%-ზე მეტი დაცურავს.

ნათია თურნავას განცხადებით, საზღვაო განათლებისა და მეზღვაურთა სერტიფიცირების სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარების მიმართულებით ბოლო ათწლეულის განმავლობაში გატარებულმა რეფორმებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქართველოს და ქართველი მეზღვაურების რეპუტაცია საერთაშორისო საზღვაო სივრცეში.

„არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ხელი მოვაწერეთ საკმაოდ მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელიც ქართველი მეზღვაურების ტრენინგის სერტიფიკატის აღიარებას გულისხმობს და ჩვენი მეზღვაურების დასაქმების არეალის გაფართოების შესაძლებლობას იძლევა. მოგეხსენებათ, დღესდღეობით ჩვენი მეზღვაურები, რომლებიც კარგი მომზადებით, სიმამაცითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევიან, სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული დროშის ქვეშ მცურავ გემებაზე არიან დასაქმებული და მათზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. დღეიდან ისინი შეძლებენ არაბთა გაერთიანებული საამიროების ფლოტის, მათი დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმებასაც“, - განაცხადა ნათია თურნავამ.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2021 ©