ნათია თურნავა თბილისში „Ytong“-ის ქარხნის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
28-09-2021

"ჩვენი პრიორიტეტია, რომ ადგილობრივი წარმოება განვითარდეს, ექსპორტი გაიზარდოს და იმპორტი ეტაპობრივად ჩანაცვლდეს ჩვენი ადგილობრივი, ხარისხიანი პროდუქციით. თუ ბოლო წლების მანძილზე, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მართლაც ასობით წარმოება დავაფინანსეთ და მილიარდამდე ლარი დავხარჯეთ ამისთვის, გვაქვს კიდევ უფრო ამბიციური გეგმა, რომ უახლოეს ორ-სამ წელიწადში გავიმეოროთ და გადავაჭარბოთ ამ წარმატებას და სულ მცირე, 1300-ზე მეტი წარმოება დავაფინანსოთ და 2.5 მილიარდი ლარის ინვესტიციის მობილიზება გავაკეთოთ, რაც არის ძალიან ამბიციური, მაგრამ შესრულებადი გეგმა" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თბილისში, „Ytong“-ის ქარხნის გახსნის ღონიოსძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე დიპლომატიური და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

"YTONG"-ი გერმანული ბრენდია, რომელიც უკვე 100 წელია მსოფლიო ლიდერია მაღალტექნოლოგიურ სამშენებლო მასალის წარმოებაში. ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტი ქარხანა ფუნქციონირებს. YTONG-ის ენერგოეფექტური ბლოკის ქარხანა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში თბილისში, ლილოს დასახლებაში გაიხსნა. 

პროექტში 55 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საწარმოში 200-მდე ადამიანი დასაქმდება. უახლოეს პერიოდში საწარმო პროდუქციის გატანას მეზობელ ქვეყნებში გეგმავს.

პროექტი „არქიმ“ YTONG-ის მფლობელ გერმანელ პარტნიორებთან, „ქსელა ჯგუფთან“, „საპარტნიორო ფონდთან“ და „თიბისი“ ბანკთან ერთად დაიწყო, მოგვიანებით პროექტის პარტნიორებს „ბკ ქონსტრაქშენი“ შეუერთდა.

ნათია თურნავას თქმით, ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში,“ რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ 2014 წელს წამოიწყო, ნამდვილად ასრულებს თავის დანიშნულებას.

„ეს წარმატებული პროექტი ვერ შედგებოდა, რომ არა საუკეთესო თანამშრომლობის მაგალითი ხელისუფლებასა და ინვესტორებს შორის. ეს არის უაღრესად მაღალტექნოლოგიური წარმოება, გერმანული ტექნოლოგია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ჩვენ დავაფინანსეთ და კვლავაც დავაფინანსებთ იმპორტის ჩამნაცვლებელ წარმოებებს, რადგან უკვე დღეს, ეს პროდუქცია, მაღალტექნოლოგიური გაზობლოკი გაუწევს კონკურენციას საუკეთესო იმპორტულ ანალოგებს“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2021 ©