სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებული ბიზნეს პროექტების პრეზენტაცია გაიმართა
30-09-2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრმა ნათია თურნავამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებული ბიზნეს პროექტების პრეზენტაცია გამართეს. 

ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა, მან თავის გამოსვლაში ბიზნესის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით არსებულ გეგმებზე ისაუბრა. 

ნათია თურნავამ სახელმწიფოს მხარდაჭერილი ბიზნეს პროექტების ინტერაქციული რუკის პრეზენტაციაზე ვრცლად ისაუბრა მხარდაჭერის იმ პროგრამებზე, რომელთაც საქართველოს მთავრობა 2013 წლიდან ახორციელებს. მისი თქმით, ბრენდი „აწარმოე საქართველოში“ რამდენიმე პროგრამას აერთიანებს და მასში სამი მსხვილი განმახორციელებელი სტრუქტურაა ჩართული. ორივე სამინისტროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სოფლის განვითარების სააგენტოს მეშვეობით 2013 წლიდან დღემდე ჯამურად მხარდაჭერილია 1,806 პროექტი. მოზიდულმა ინვესტიციამ 2,5 მლრდ ლარი შეადგინა და შეიქმნა 53,000-მდე ახალი სამუშაო ადგილი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა საზოგადოებას წარუდგინეს ინტერაქციული რუკა, რომელზეც დეტალური ინფორმაციია განთავსებული არსებული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტების შესახებ. 

„სწორედ იმისთვის, რომ ყველასთვის იყოს უფრო მეტად ხელმისაწვდომი, გამჭვირვალე, ხელშესახები დეტალური ინფორმაცია თითოეული ბენეფიციარის შესახებ - რომელი კონკრეტული პროგრამით ისარგებლა, რამხელა მხარდაჭერა მიიღო, რამხელა ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, რა დარგში საქმიანობს და რაც მთავარია, რამდენი სამუშაო ადგილი შექმნა, შეიქმნა ჩვენი ახალი შემოთავაზება - ინტერაქციული რუკა“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ინტერაქციული რუკა განთავსდა სახელმწიფო პროგრამების პორტალზე - www.programs.gov.ge ..

ამავე პორტალზე სახელმწიფო პროგრამების პოტენციურ ბენეფიციარებსაც შეუძლიათ, მიიღონ სრული ინფორმაცია და ჩაერთონ რომელიმე მათგანში, დაიწყონ ან გააფართოვონ წარმოება ან ფერმერული მეურნეობა და რაც მთავარია, უფრო აქტიურად მიიღონ მონაწილეობა საქართველოს მთავრობასთან ერთად ეკონომიკის განვითარებაში.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2021 ©