გიორგი გახარია აზერბაიჯანის ტრასპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრს შეხვდა
14-06-2017

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ სამუშაო შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების მინისტრ რამინ გულუზადესთან. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს და განიხილეს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში ურთიერთანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩერქეზიშვილი და გენადი არველაძე, ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სალუქვაძე და საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძე.

„ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაზე, ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის სატვირთო და საჰაერო გადაზიდვების კუთხით ურთიერთობების გაღრმავებაზე. შეხვედრაზე განვიხილეთ ქართული და აზერბაიჯანული სტარტაპ კომპანიების დაკავშირების პერსპექტივები, რომლებსაც შესაძლებლობა მიეცემათ, ორივე ქვეყანაში საკუთარი მიღწევები  გააცნონ და გაუზიარონ როგორც კოლეგებს, ასევე პოტენციურ ინვესტორებს. ამ მიმართულებით უახლოეს პერიოდში დავგეგმავთ სამუშაო ჯგუფის შეხვედრას, გვსურს,  რომ ძალიან მალე შედგეს ქართული სტარტაპ კომპანიების ბაქოში ვიზიტი და მოხდეს მათი პროექტების გაცნობა ადგილობრივი საზოგადოებისთვის“ – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა.

მისივე განცხადებით, აზერბაიჯანის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრთან შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს კომუნიკაციების სფეროში ურთიერთთანამშრომლობაზე. გიორგი ჩერქეზიშვილის ინფორმაციით, ამ სფეროში ქართული კომპანიები ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ აზერბაიჯანულ კომპანიებთან. „ჩვენ ასევე განვიხილეთ საავტომობილო და საბორნე გადაზიდვების მიმდინარე საკითხები, შედგა შეთანხმება, რომ სამგზავრო გადაზიდვების მიმართულებით მოხდება ერთობლივი პროექტების განხორციელება, რისთვისაც სამუშაო ჯგუფი უახლოეს პერიოდში გვეწვევა საქართველოში და უფრო დეტალურად განვიხილავთ ამ შეთანხმებას“ – აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©