ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
გიორგი გახარია სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს შეხვდა
29-06-2017

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი გახარია  სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს შეხვდა.  მხარეებმა ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს და  განიხილეს ის გეგმები, რომლებზეც ორი ქვეყნის მთავრობა აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში  ერთობლივი პროექტების განხორციელების მიმართულებით.

სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე გიორგი გახარიამ ვიზიტის შედეგები შეაჯამა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბიზნესფორუმის მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველოსა და სომხეთის სავაჭრო–სამრეწველო პალატების ორგანიზებით ერევანში 29 ივნისს გაიმართა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის  მსგავსი ღონისძიებები კარგ საფუძველს ქმნის საინვესტიციო გარემოს უკეთ გაცნობის, იდეების ურთიერთგაცვლისა და ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის, რაც, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. მინისტრის შეფასებით, საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია იმ პროექტების წარმატებით რეალიზებისთვის, რომლებზეც ორივე ქვეყნის ეკონომიკური პროფილის უწყებები ერთობლივ მუშაობას გეგმავენ.

გიორგი გახარიას სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტი 29 ივნისს დასრულდა.  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრმა შეხვედრები გამართა ქვეყნის პრეზიდენტთან, პრემიერ–მინისტრთან, ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრთან, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრთან, ასევე მონაწილეობა მიიღო საქართველო–სომხეთის ბიზნესფორუმში, რომელსაც ორივე ქვეყნიდან 150–ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©