დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის ელჩთან ორმრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა
09-01-2018

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ძი იანჩისთან შეხვედრისას საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებზე ისაუბრა და ორმხრივი თანამშრომლობის ცალკეული მიმართულებები განიხილა. 

შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მაჩვენებლები 2017 წელს და მიმდინარე წლის პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. კერძოდ, აღინიშნა ის პოზიტიური ტენდენცია, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებობს საგარეო ვაჭრობის კუთხით. მაგალითად, 2017 წელს სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან 24 პროცენტით, ექსპორტი კი - 23 პროცენტით გაიზარდა და 200 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. ასევე ყურადღება გამახვილდა ქართული ღვინის ექსპორტზე ჩინეთში, რომელმაც 2017 წლის 11 თვის მონაცემებით, 7,6 მლნ ბოთლს გადააჭარბა.  აღინიშნა, რომ 2018 წლიდან ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედება აღნიშნულ პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. 

შეხვედრაზე განსაკუთრებულად გამახვილდა ყურადღება ჩინეთში, ქალაქ შანხაიში 5-10 ნოემბერს დაგეგმილ იმპორტის გამოფენაზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმრის მონაწილეობაზე, რომლის დროსაც ქართველ ბიზნესმენებს პოტენციურ პარტნიორებთან საკუთარი პროდუქციისა და მომსახურების შეთავაზების შესაძლებლობა ექნებათ. პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის მხარეებმა ტურიზმიც დაასახელეს, სადაც თანამშრომლობა აგრეთვე მზარდი დინამიკით ხასიათდება. 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობაზე „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში. ჩინეთის ელჩმა ძი იანჩიმ მაღალი შეფასება მისცა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს, რომელიც შარშან შემოდგომაზე გაიმართა. 

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და მასთან ერთად თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მშენებლობის პროცესში ჩინური კომპანიების მონაწილეობის მნიშვნელობაზე. 

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა ქვეყნებს შორის კიდევ უფრო განვითარდება, რაც პოზიტიურად აისახება სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა სახის ურთიერთობებზე. 


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©