დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, წიაღისეული რესურსების წილი ექსპორტში 35%-ია, სექტორში კი 25 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული
06-02-2018

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა წიაღის სექტორში მომუშავე ლიცენზიანტი კომპანიების წარმომადგენლებს დარგში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. შეხვედრა სამუშაო რეჟიმში მიმდინარეობდა. 

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა წიაღის ეროვნული სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი მაია ზავრაშვილი. 

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, მთავრობის პრიორიტეტულ რეფორმებს შორისაა სამთო-მოპოვებითი სექტორის რეგულირების მიმართულებაც. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ბოლო წლების ტენდენციები საქართველოში წიაღით სარგებლობის მოთხოვნასთან მიმართებაში, კერძოდ, 2014 წელთან შედარებით, პრაქტიკულად გაორმაგდა მოთხოვნა სარგებლობის ლიცენზიებზე, განსაკუთრებით გაზრდილია მოთხოვნა სამშენებლო ნედლეულზე. 

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, , ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით დაიწყება წიაღის სექტორის ფართომასშტაბიანი რეფორმა. 2018 წელს შემუშავდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ახალი საკანონმდებლო პაკეტი მომზადდება. 

მისივე ინფორმაციით, სექტორში 25,000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. წიაღისეულით სარგებლობის სფეროში შექმნილი პროდუქციის დიდი ნაწილი გადის ექსპორტზე (წიაღისეული რესურსების წილი ექსპორტში 35 პროცენტს შეადგენს). 

შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა სტუქტურული რეფორმების შედეგად შექმნილ ახალ უწყებაზე - წიაღის ეროვნულ სააგენტოზე, რომლის ძირითადი ფუნქციები იქნება მუდმივად განახლებადი და ხელმისაწვდომი გეოლოგიური ინფორმაციის უზრუნველოფა, სალიცენზიო ობიექტისთვის გეოლოგიური ინფორმაციის მომზადება, წიაღის სახელმწიფო ბალანსის მართვა, ობიექტების ლიცენზირება და სალიცენზიო პირობების მონიტორინგი.

შეხვედრის დასასრულს, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ლიცენზიანტი კომპანიების წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა.
 




დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©