დიმიტრი ქუმსიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის მინისტრს შეხვდა
09-04-2018

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საამიროების ეკონომიკის მინისტრს, სულთან ბინ საეედ ალ მანსურის შეხვდა.       

შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. აღინიშნა ის პროგრესი, რომელიც არსებობს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო და ტურიზმის სფეროებში. კერძოდ, 2018 წლის ორი თვის მონაცემებით, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა საამიროებთან 14 პროცენტით გაიზარდა, მათ შორის, ექსპორტმა 25 პროცენტით მოიმატა. შეხვედრაზე ითქვა, რომ სავაჭრო ბრუნვის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოსა და ყურის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის დაჩქარდეს ეკონომიკური ხელშეკრულების გაფორმება და სამთავრობოთაშორისი კომისიის შექმნა.

შეხვედრაზე საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში კომერციული ატააშეების ინსტიტუტის შემოღების შესახებ. კერძოდ, იმ 6 პრიორიტეტულ ქვეყანას შორის, სადაც კომერციული ატაშეები დაინიშნებიან, არაბთა გაერთიანებული საამიროებია.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ის პოზიტიური ტენდენცია, რომელიც არსებობს საქართველოსა და საამიროებს შორის ტურიზმის სფეროში. 2018 წლის პირველ ორ თვეში საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 7 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. აღინიშნა, რომ ტურისტების ზრდას ხელი შეუწყო პირდაპირმა ფრენებმა ქვეყნებს შორის. საამიროებიდან საქართველოში ორი ავიაკომპანია ასრულებს რეგულარულ რეისებს, მათ შორის, „ფლაი დუბაი“ კვირაში 21 სიხშირითა და „ეარ არაბია“ კვირაში 7 სიხშირით. აღნიშნულმა ავიაკომპანიებმა 2018 წლის ორ თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 26 პროცენტით მეტი მგზავრი გადაიყვანა.

„გარდა ამისა, ვისაუბრეთ  ინვესტიციების მოცულობაზე, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან არის შემოსული საქართველოში. დღეის მდგომარეობით, ეს რიცხვი 800 მილიონ დოლარს აჭარბებს და იმედი გვაქვს, რომ ინვესტიციები მომავალში გაგრძელდება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც შემოყავს არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანიებს - ფლაი დუბაის და ეარ ააბიას, რომელთც შარშან 325 ათასზე მეტი სტუმარი ჩამოიყვანა საქართველოში“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

ამასთან ერთად, მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ინვესტიციების დაცვის შეთნხმებას, რომელიც ძალაში 8 აპრილს შევიდა. დიმიტრი ქუმსიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეს შეთანხმება კიდევ უფრო მეთი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას მოგვცემს. 

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამომავლოდაც გააგრძელებენ თანამშრომლობას პრიორიტეტული მიმართულებებით, რომელთა მიზანიც ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების დაახლოება იქნება.

თავის მხრივ, შეხვედრის დასრულების შემდეგ საამიროების ეკონომიკის მინისტრმა, სულტან ბინ საეედ ალ მანსურიმ  ხაზგასმით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის ბოლო წლებში ურთიერთობების გაღრმავება და განვითარება.

„მოხიბლული ვარ და ვაფასებ იმ ცვლილებებს, რაც თქვენს ქვეყანაში ხორციელდება, თუ როგორი გახსნილია თქვენი ქვეყანა ინვესტიციების მოზიდვის მხრივ.  ამ ყველაფრის ფონზე შექმნილი სურათი ძალიან პოზიტიურია  და ოპტიმისტურად ვართ განწყობილები მომავალი თანამშრომლობის მიმართ“, - აღნიშნა სულტან ბინ საეედ ალ მანსურმა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, კომპანია „ანაკლია სიტის“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ბოჭორიშვილი და საქართველოს ელჩი ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში როლანდ ბერიძე.
 




დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©