დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრს შეხვდა
13-04-2018

ჩინეთის მთავრობა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, ქართულ მხარეს ჩინეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებაში დახმარებას გაუწევს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრთან ჭონ შანთან პეკინში გამართული შეხვედრის შემდეგ  განაცხადა. 

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის შემოთავაზება უპრეცედენტოა და ის ხელს შეუწყობს ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას. 

„დღეს ჩვენ კიდევ ერთი უპრეცედენტო დახმარების შემოთავაზება მივიღეთ კომერციის მინისტრისგან ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიმართულებით. მინისტრმა შემოგვთავაზა არაერთი ღონისძიების წარმართვა ჩინეთის ტერიტორიაზე, რათა უფრო მეტი ქართული პროდუქცია გაიყიდოს ჩინეთში და შესაბამისად, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი გაიზარდოს“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ჩინეთში ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ჯგუფები იმუშავებენ, რაც შეიძლება მეტი ჩინური კომპანიისთვის მოხდეს საქართველოს შესაძლებლობების გაცნობა და შეთავაზება, და იმ ინვესტიციების განხორციელება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვისაა აუცილებელი. 

შანხაის ექსპოს საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო აღნიშნულ შეხვედრაზე. 

დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის კომერციის მინისტრს საქართველოს ოფიციალური მიწვევისთვის შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც 2018 წლის ნოემბერში გაიმართება. 

„შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ 150,000 მყიდველთან პირდაპირი კომუნიკაცია მოახდინონ, რაშიც მათ ჩინეთის კომერციის სამინისტრო მხარდაჭერას აღმოუჩენს. ეს იქნება გამოფენა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ სრული პოტენციალით უნდა გამოიყენოს. ეს გამოფენა საშუალებას აძლევს ქართულ კომპანიებს, რათა მათ თავიანთი პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე გაიტანონ და მნიშვნელოვნად გაზარდონ თავიანთი გაყიდვები“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრის შემდეგ. 

ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის კომერციის მინისტრი ჭონ შანი საქართველოში, ზაფხულში მოიწვია და ორ ქვეყანას შორის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომისა და მის ფარგლებში ბიზნესფორუმის ჩატარება თბილისში, მიმდინარე წლის ზაფხულში შესთავაზა. 

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისია წარმოადგენს ეფექტურ ბერკეტს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.

დიმიტრი ქუმსიშვილი და ჭონ შანი საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საკითხზე შეთანხმდნენ. აღინიშნა, რომ ქართულმა და ჩინურმა კომპანიებმა სრულად უნდა აითვისონ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალიწინებული სარგებელი, რისთვისაც ორივე მხარე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს. 

შეთანხმება, რომლის შესახებაც მოლაპარაკება რეკორდულად მოკლე დროში 7 თვეში დასრულდა, ძალაში 2018 წლიდან ამოქმედდა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ შეთანხმების ხელმოწერისა და ამოქმედების შემდეგ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის ტენდენცია სახეზეა, თუმცა პოტენციალი დიდია და მას აუცილებლად ესაჭიროება ორივე მხარისთვის ხელსაყრელი მიმართულების მხარდაჭერა, რისთვისაც ჩინეთის მხარე ქართველ მწარმოებლებს დახმარებას აღმოუჩენს.

შეხვედრა ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩერქეზიშვილი და გენადი არველაძე, სს "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაური.




დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©