დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო IT - კომპანიასთან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა
01-05-2018

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო კომპანიის „EON Reality“ დამფუძნებელს ლეჟესკარს (Dan Lejerskar) შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის მიზანია საქართველოში მორიგი IDC ცენტრის ფორმირება, რომელსაც რეგიონალური ჰაბის დატვირთვა ექნება და სხვადასხვა მომსახურებას შესთავაზებს, როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანს, სომხეთს, თურქეთსა და ირანს. საინვესტიციო მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში დაახლოებით 27 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო კომპანიის დამფუძნებელს გააცნო საქართველოს მიღწევები ბიზნეს გარემოს ლიბერალიზებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ციფრული ეკონომიკისა და მოთხოვნაზე დაფუძნებული განათლების სისტემის განვითარების მიმართულებით არაერთ რეფორმასა თუ პროგრამას ახორციელებს. პირველმა ვიცე-პრემიერმა გამოხატა დაინტერესება „EON Reality“ პროექტების მიმართ, რომელთაც შეუძლია საქართველოში, როგორც IT, ასევე დიზაინის და სხვა სპეციალისტების გადამზადება და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, აგრეთვე ვირტუალური რეალობისა და ციფრული ეკონომიკის სხვა დარგებში კვლევა-განვითარების ფორმირების ხელშეწყობა.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია „EON Reality“-ის საქმიანობისა და პროექტების შესახებ, რომელსაც ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს. „EON Reality“ არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც ვირტუალური რეალობის, განათლების, კვლევა-განვითარებისა და მომსახურების მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში. კომპანიის ძირითადი მიზანია ვირტუალური და დამატებითი რეალობის (Virtual and Augmented Reality) ცოდნის ინტეგრირება განათლებასა და ინდუსტრიაში. EON Reality - ის წარმომადგენლობა მსოფლიოს ყველა კონტინენტზეა. IDC - ინტერაქტიული ციფრული ცენტრები ფუნქციონირებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპის ექვს ქვეყანაში, აფრიკაში, შუა აღმოსავლეთსა და ავსტრალიაში.  

საქართველოში კომპანიის ოფიციალური მასპინძელია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. 


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©