დიმიტრი ქუმსიშვილი: ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევის დაწყებას მოვაწერეთ ხელი
10-05-2018

მოხარული ვარ, რომ დღეს შევძელით ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის განხორციელება და ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის შესახებ კვლევის დაწყებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისრაელის ეკონომიკის და ინდუსტრიის მინისტრთან ელი კოენთან ერთად ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. 

„ჩვენ ხელი მოვაწერეთ ერთობლივ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დაწყებას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით, რაც დარწმუნებული ვარ, რომ პოზიტიური შედეგით დასრულდება და მისცემს ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას, რომ ჩვენ შევქნათ სამუშაო ადგილები, გავზარდოთ ჩვენი ექსპორტი და ამავე დროს მოვახდინოთ ტექნოლოგიური ტრანსფერი ისრაელიდან,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, კვლევა ისრაელის ინვესტორებისთვის განსაზღვრავს კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებსა და შესაძლებლობებს საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.

„გვაქვს რა გამორჩეული გეოპოლიტიკური მდებარეობა ევროპისა და აზიის გასაყარზე და ასევე, სტაბილური და მიმზიდველი ბიზნეს გარემო და საინვესტიციო კლიმატი, ჩვენი მიზანია, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რეგიონული ეკონომიკის მშენებლობაში“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, დღეს საქართველო მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს თვალსაზრისით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა. მისი თქმით, საქართველოში განხორციელებულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა უკვე მოიტანა ხელშესახები შედეგები, რაც კარგად აისახება საერთაშორისო რეიტინგებში. ბიზნესისა და საინვესტიციო მიმზიდველობის სიმარტივის მხრივ, საქართველო რეგიონში და გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა. Doing Business 2018-ის მიხედვით საქართველო ათი საუკეთესო ქვეყნის სიაშია. 




დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©