დიმიტრი ქუმსიშვილმა პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში საწარმო „ტიფლის ტექსტილი“ ოფიციალურად გახსნა
11-06-2018

საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს შპს „ტიფლის ტექსტილი“ ოფიციალურად გახსნა - საწარმო სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით სარგებლობს. 

დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად, საწარმოს მუშაობას გაეცნო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი. 

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, შპს „ტიფლის ტექსტილს“ საწარმოს ასაშენებლად თბილისში, 9492  კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა გადაეცა.  

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კომპანია „ტიფლის ტექსტილმა“ საწარმო თანამედროვე ხარისხის მანქანა-დანადგარებით აღჭურვა. პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში თითქმის 190 000 ლარის თანადაფინანსება მოხდა სახელმწიფოს მხრიდან.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, წინდების მწარმოებელი საწარმო პროგრამის ორი კომპონენტით სარგებლობს - ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით.  

„ეს დახმარება ღირს იმ  შედეგად, რასაც დღეს ვხედავთ -  უმაღლესი  ევროპული სტანდარტით აღჭურვილ საწარმოს, რომელიც დღეს უკვე აწარმოებს ქალის, მამაკაცისა და ბავშვების წინდებს, რომელსაც აქვს უმაღლესი ხარისხი. დღეისთვის საწარმოში ჯამურად უკვე 6 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციაა განხორციელებული“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საწარმოში პირველ ეტაპზე უკვე 50 ადამიანია დასაქმებული, მეორე ეტაპზე კი სულ მცირე ამდენივე სამუშაო ადგილი დაემატება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 

„ტიფლის ტექსტილს“ მიერ წარმოებული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე ძალიან მოთხოვნადი იქნება, გამომდინარე მისი ხარისხიდან და მეორე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია - პროდუქცია განკუთვნილია ექსპორტისთვის, რაც, რა თქმა უნდა, შეამცირებს ჩვენს საგადასახადო ბალანსს და ქვეყანაში მეტ ვალუტას შემოიტანს“, - აღნიშნა  დიმიტრი ქუმსიშვილმა.




დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©