გიორგი ქობულია ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებს შეხვდა
02-08-2018

„კერძო სექტორთან შეხვედრების ორგანიზებას მომავალშიც ვაპირებ, რათა ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინოთ, რა აწუხებს კერძო სექტორს, რა პრობლემები აქვთ, როგორ შეიძლება ჩვენ დავეხმაროთ ამ პრობლემების გადაჭრაში“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ. 

შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შედგა და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ბიზნესასოციაციის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, საქართველოს ბანკების ასოციაციის, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის და საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა პირებმა.   

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსა და ბიზნესგაერთიანებების წარმომადგენელთა შეხვედრაზე განხილული იყო სამინისტროს მიერ დაგეგმილი და მიმდინარე რეფორმები, ბიზნესის სხვადასხვა სექტორში არსებული აქტუალური თემები და საკითხები, მათ შორის: შრომის უსაფრთხოება, საპენსიო რეფორმა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა, აგროსექტორის განვითარების საკითხები და ა.შ.  

„დღეს შეხვედრა გვქონდა ბიზნესასოციაციებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ფლობენ ინფორმაციას აღნიშნულ გაერთიანებებში არსებული ბიზნესების პრობლემებთან დაკავშირებით. თითოეული ასოციაციის ხელმძღვანელს ვთხოვე, ჩემთვის გაეზიარებინა ის საკითხები და ის კითხვები დაესვა, რომლებიც მათ აწუხებთ. გავიარეთ ყველა ასოციაციის საკითხები, გვქონდა დისკუსია სხვადასხვა თემებზე, და პრინციპში, ეს ჩვენთვის ძალიან სასარგებლო იყო“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.




დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©