გიორგი ქობულია ბათუმის საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა
13-09-2018

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ქ. ბათუმში მიმდინარე საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე (GIMF 2018) სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა თავის გამოსვლაში საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის მთავარ პრიორიტეტებსა და ამოცანებზე ისაუბრა, მან აქცენტები ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორებიცაა: მეზღვაურთა განათლებისა და მომზადების სისტემების გაუმჯობესება; პორტების ფუნქციონალობა და უსაფრთხოება; ხომალდების მეთვალყურეობისა და მონიტორინგის სერვისების დანერგვა და, ზოგადად, კანონმდებლობის საერთაშორისო მოთხოვნებსა და სტანდარტებთან ჰარმონიზება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველოს მიზანია,  განაგრძოს IMO-ს სტანდარტებთან ინტეგრაცია. „ამ კუთხით მოუთმენლად ველით ამ ორი დღის განმავლობაში წარმოებულ მრავალმხრივ დისკუსიებს და მიღწეულ შედეგებს. დღეს ჩვენ გამოვაცხადებთ საქართველოს გაწევრიანებას ორ დამატებით ქარტიაში, რომლებიც განსაზღვრავს სამოქალაქო პასუხისმგებლობის რეჟიმს ბუნკერის ნავთობის დაბინძურების ზარალსა და დაბინძურების/დაფარვის საწინააღმდეგო სისტემებს“ - აღნიშნა გიორგი ქობულიამ. 

მინისტრმა ხაზგასმით ისაუბრა ორ მნიშვნელოვანი მიმართულებაზე, კერძოდ: EBRD-სთან თანამშრომლობით უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი სტანდარტების დანერგვის პრიორიტეტად ქცევა და შესაბამისი ღონისძიებების დროული განხორციელება და საქართველოს საერთაშორისო ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბების პერსპექტივა. „ეს ფორუმი შესაძლებლობას გვაძლევს დავამყაროთ ახალი საქმიანი ურთიერთობები, ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ როგორ ვაქციოთ საქართველო საერთაშორისო ლოგისტიკურ ჰაბად და როგორ წავახალისოთ ბიზნესი და ინვესტორები, რომ ინვესტიციები განახორციელონ ამ უნიკალური შესაძლებლობების მქონე ქვეყანაში, რათა მაქსიმალური სარგებელი და მოგება ნახონ საკუთარი ბიზნესისთვის და, ასევე, საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი (GIMF 2018) ქ. ბათუმში 12-14 სექტემბერს იმართება. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის პატრონაჟით ტარდება, მას ორგანიზებას უწევენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. ფორუმი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მისი მთავარი მიზანია, მსოფლიო საზღვაო და სანაოსნო სექტორში მიმდინარე გლობალური ცვლილებების განხილვა, ახალი ინიციატივების იდენტიფიცირება და მათი შემდგომი განხორციელების ხელშეწყობა. ფორუმი შავ ზღვაზე საქართველოს ლიდერ საზღვაო სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, რომლის მთავარი მიზანიცაა საქართველოს საზღვაო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდა. GIMF 2018-ში 53 სახელმწიფოს 400მ-დე დელეგატი მონაწილეობს. 


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©