საქართველო-ჩეხეთის მეოთხე მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა
13-09-2018

საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში სასტუმრო „რედისონში“ საქართველო-ჩეხეთის რიგით მეოთხე მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო ჩეხეთის მხრიდან მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ვლადიმირ ბარტლი უძღვებოდნენ.

„ეს არის რიგით მეოთხე მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია, სადაც განვიხილავთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ტურიზმი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ვაჭრობა, ინვესტიციები - შეიძლება ვთქვათ, რომ მოვიცავთ ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროს და განვიხილავთ იმ თანამშრომლობის გზებს, რომლებიც შეიძლება განვავითაროთ ჩეხურ მხარესთან“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გენადი არველაძემ.

მისივე თქმით,  ასევე მნიშვნელოვანია ჩეხურ მხარესთან თანამშრომლობა „ერთი გზა-ერთი სარტყელის“ ფარგლებში და ამ კუთხითაც განიხილება  სხვადასხვა შესაძლებლობები. გენადი არველაძის განცხადებით, ჩეხეთი, 2018 წლის მონაცემებით, მეოთხე ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც საქართველოში ინვესტიციებს ახორციელებენ.

კომისიის სხდომის მიმდინარეობისას ორივე მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თბილი და მეგობრული ურთიერთობები მყარ საფუძველს ქმნის ხარისხობრივად ახალ დონეზე განვითარდეს ეკონომიკური კავშირები. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, გაგრძელდეს ურთიერთსასარგებლო პარტნიორობა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაღრმავება/დივერსიფიცირებას, ასევე ინვესტიციებისა და ვაჭრობის სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©