ეკონომიკის სამინისტროში კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა
14-09-2018

2018 წლის 14 სექტემბერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს“ მორიგი შეხვედრა. 

საქართველოს მთავრობის დადგენილებით (N100; 26.02.2016წ.) დამტკიცებული „2016-2020 წლების საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის“ შესაბამისად (პირველი სტრატეგიული მიმართულების პრიორიტეტული ღონისძიება 1.5: საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის გაძლიერება), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით შექმნილია კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭო, რომლის მიზანია  კერძო სექტორის, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. საბჭოს ძირითადი ფუნქციებია:

  • კერძო სექტორთან კონსტრუქციული დიალოგის წარმოების ხელშეწყობა;
  • კერძო სექტორის,  განვითარების შემაფერხებელი (არსებობის შემთხვევაში) ფაქტორების იდენტიფიცირება და განხილვა;
  • კერძო სექტორის, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების  საკითხებზე წინადადებების და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
  • კერძო სექტორის, მათ შორის მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების საკითხებთან დაკავშირებული განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების განხილვა;
  • კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმდინარე და დაგეგმილი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ამ მიზნით, განხილვების და დისკუსიების ორგანიზება.

საბჭოს, როგორც საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის და თანმშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი პლატფორმის ფუნქციონირება, უზრუნველყოფს რეგულარული და სტრუქტურირებული დიალოგის წარმოებას, რაც ეხმარება მთავრობას, შეიმუშაოს ეფექტიანი პოლიტიკა კერძო სექტორის, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობისთვის. ამასთან, რეგულარული დიალოგის მექანიზმი ხელს უწყობს კერძო სექტორსა (მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის წარმომადგენლებს) და მთავრობას  შორის ნდობის გაზრდას და პროგნოზირებადი გარემოს ჩამოყალიბებას. 

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა პრეზენტაციები შრომის უსაფრთხოების ახალ სტანდარტებთან დაკავშირებით, კერძოდ, "შრომის უსაფრთხოების შესახებ“ პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონის და ამ კანონის შესაბამისად ამოქმედებული  რეგულაციების თაობაზე, რომელიც ახალ ვალდებულებებს აკისრებს კერძო სექტორის გარკვეულ სეგმენტს.  შეხვედრის ფარგლებში, ასევე, განხილული იქნა მცირე და საშუალო ბიზნესთან მიმართებით ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში მიმდინარე რეფორმის და აქტივობების თაობაზე და შრომის ბაზრის კვლევების განხორციელების მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები. სხდომის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია სასტუმროებთან დაკავშირებით საბჭოს სხდომებზე დასმული პრობლემების გადაჭრის თაობაზე.
 
საბჭოს ჩვეული ფორმატის ფარგლებში, შედგა დისკუსია კერძო სექტორის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორების შესახებ.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©