ეკატერინე მიქაბაძე გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა
05-10-2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა თბილისში დაწყებულ გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმის მონაწილეებს. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკური ვითარებაზე, მიმდინარე რეფორმებსა და განვითარების პრიორიტეტული მიმართულებებზე, ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ლიბერალურ საგადასახადო კანონმდებლობასა და ბიზნესის კეთებისთვის ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე. 

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, „მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნესგარემო ხელსაყრელ პირობებს ქმნის საქართველოში უცხოელი ინვესტორების ოპერირებისათვის. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მზარდი ტენდენცია ამის დასტურია. უცხოელ ინვესტორებს საქართველო სთავაზობს საინვესტიციო შესაძლებლობებს სხვადასხვა მიმზიდველ სექტორში. მათ შორის, სასტუმროების, უძრავი ქონების, წარმოების, ლოგისტიკის, IT და ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის მიმართულებით“. 

ფორუმში მსოფლიოს 15-ზე მეტი ქვეყნის დელეგატი მონაწილეობს, რომელთა შორისაც არიან ქუვეითის პრინცესა, არაბ საქმიან ქალთა საბჭოს პრეზიდენტი – შეიხა ჰესა საად აბდულაჰ ალ-საბაჰი და ზაინაბ ოტიტი ობანორი – ნიგერიის დედოფალი, არაბეთისა და აფრიკის ეკონომიკური განვითარების ინიციატივის დამფუძნებელი.

ფორუმის მონაწილეებს საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა მიაწოდეს ინფორმაცია ეკონომიკური კანონმდებლობის, ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების, საქართველოს მიერ გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შესახებ და სხვ. 


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©