გიორგი ქობულიამ კასპში ინოვაციური ცენტრის საპროექტო სივრცე დაათვალიერა
24-10-2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ კასპში ინოვაციური ცენტრის - ტექნოპარკის საპროექტო სივრცე დაათვალიერა. გიორგი ქობულია ობიექტის ტერიტორიაზე კოლეგებთან - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად იმყოფებოდა. 

როგორც გიორგი ქობულიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ინოვაციური ცენტრი არამხოლოდ კასპის რაიონს, არამედ მთელ შიდა ქართლის რეგიონს მოემსახურება. „ასეთი ცენტრების მშენებლობა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია - არამარტო ეკონომიკის, არამედ ზოგადად, ეს არის ძლიერი მამომძრავებელი ძალა, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა ისწავლონ, განვითარდნენ, გაეცნონ ახალ ტექნოლოგიებს და იყვნენ კრეატიულები. ეს ძალიან დიდი მხარდაჭერაა მთელი მოსახლეობის ინტელექტუალური სრული რეალიზაციისა და ამ პოტენციალის კიდევ უფრო გასაზრდელად. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ჩვენ ძალიან დიდ შედეგს მოგვცემს როგორც ეკონომიკაში, ასევე სოციალური და ადამიანური კეთილდღეობის თვალსაზრისით“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

ინოვაციური ცენტრი - ტექნოპარკი კასპში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ აშენდება, სამუშაოების დაწყების სავარაუდო თარიღია 2019 წლის თებერვალი. სამშენებლო ტენდერი  2018 წლის 10 ოქტომბერს გამოცხადდა და  9 ნოემბერს გაიხსნება. 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, აშენდეს ორსართულიანი ნაგებობა, სადაც განთავსდება სამუშაო და სასწავლო ოთახები, ე. წ. ფაბ-ლაბი, საკონფერენციო და დამხმარე სათავსები და სამუშაო სივრცე. პროექტი ასევე ითვალისწინებს ტექნოპარკის ტერიტორიის კეთილმოწყობას სხვადასხვა აქტივობებისთვის.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©