გიორგი ქობულიამ „ნოვას“ ახალი საწარმო გახსნა
13-12-2018

„სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ასეთი კარგი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია,რათა უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ და წინ დავძრათ ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სამშენებლო მასალების იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია „ნოვას“ ახალი საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი ქობულიას თქმით, საქართველოში უნდა შეიქმნას რაც შეიძლება მეტი კონკურენტუნარიანი საწარმო არა მარტო ადგილობრივი, არამედ საექსპორტო ბაზრებისთვისაც. 

„კომპანია, რომლის ახალი საწარმოც დღეს გავხსენით, ინდუსტრიალიზაციის ერთ-ერთი მაგალითია. ამ პროექტში ჩაიდო 12 მლნ ლარამდე ინვესტიცია, აწარმოებს სამშენებლო მასალებს და აქვს ლოგისტიკური ცენტრი. ეს ასევე კარგი მაგალითია იმის, რომ ასეთი საწარმო საქართველოში შეიძლება კონკურენტუნარიანი იყოს არამარტო ადგილობრივ ბაზარზე, არამედ ექსპორტზეც. კომპანია „ნოვამ“ ჩაანაცვლა იმპორტის უმეტესი ნაწილი და ასევე შეძლო პროდუქციის გატანა მეზობელ ქვეყნებში. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ასეთი, კონკურენტუნარიანი საწარმოები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საფინანსო, სახელმწიფო და კერძო სექტორების ასეთი კარგი თანამშრომლობა, რომ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ და წინ დავძრათ ამ ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. 

„ნოვას“ ახალი  საწარმო და სასაწყობე ინფრასტრუქტურა თბილისში, 24 000 კვ.მ ფართობზეა განთავსებული. ევროსტანდარტების შესაბამისი  საწარმოო ხაზების, სასაწყობე მეურნეობის გამართვას და საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას 12 მილიონი ლარის ინვესტიცია მოხმარდა. პროექტის ფარგლებში „ნოვამ“ მეტალოკრამიტის და პროფნასტილის სასახურავე მასალის, სასახურავე მასალის აქსესუარების, მეტალოკრამიტის არმირების პროფილების საწარმოო ხაზები გააფართოვა. პროექტი EBRD-ის და „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით განხორციელდა. 

კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, „ნოვა“ 100-მდე დასახელებისწყლის პოლიეთილენის ავზს, 100-მდე დასახელების თუნუქის ნაწარმს - სასახურავე მასალას და აქსესუარებს, თაბაშირ-მუყაოს პროფილებს, აქსესუარებს და მეტალოპლასტმასის არმირების პროფილებს აწარმოებს. კომპანიის საკუთრებაშია ქალაქ თბილისში არსებული საგამოფენო დარბაზი და სასახურავე მასალების ქარხანა, ასევე საგამოფენო დარბაზი, სასახურავე მასალების ქარხანა და ავზების საწარმო ქალაქ ბათუმში და აქტიურად მიმდინარეობს 10 000 კვ.მ ფართობზე განთავსებული სასაწყობე-საწარმოო მეურნეობის მოწყობა ადლიის ფილიალში. 

აღსანიშნავია, რომ „ნოვას“ აჭარაში მდებარე ფილიალი 2017 წელს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გაიხსნა - პროგრამას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს. 

როგორც კომპანიაში აცხადებენ, EBRD-ის მიმდინარე პროექტის ფარგლებში „ნოვაში“  შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების სტანდარტი OHSAS 18001:2007 ინერგება. 

„ნოვას“ ახალ საწარმოსა და სასაწყობე მეურნეობაში 60-მდე, ხოლო მთლიანად თბილისისა და ბათუმის ქარხნებში 320  ადამიანია დასაქმებული.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©