მიმდინარე პროექტები

სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები ახორციელებენ პროექტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფოთაშორისო და საქალაქთაშორისო კავშირების გაუმჯობესებას, ქვეყნის ინტეგრაციას საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში და სატრანზიტო-ლოგისტიკური პოტენციალის განვითარებას.

 
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა

მიზანი: ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობა შექმნის ხელსაყრელ პირობებს მიმდებარე ტერიტორიაზე ლოგისტიკური ცენტრებისა და ინდუსტრიული ზონის განვითარებისათვის. ახალი პორტის მშენებლობა დამატებითი ღირებულების მომსახურების განვითარების საშუალებას იძლევა, რაც დიდად გაზრდის ტვირთბრუნვას საქართველოს ტერიტორიაზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროექტს ექნება დიდი პოზიტიური სოციალურ-ეკონომიკური გავლენა დასავლეთ საქართველოში, რამდენადაც შეიქმნება  ათასობით ახალი სამუშაო ადგილი.

დამფინანსებელი ორგანიზაცია: შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (TBC Holdings and Conti Group).

განხორციელების პერიოდი: პროექტი პირველი ფაზის მშენებლობის სავარაუდო ვადები: 2017-2020 წწ. 
დამატებითი ინფორმაცია: ანაკლიის ნავსადგურს ექნება შემდეგი უპირატესობები: 1. სტრატეგიული მდებარეობა; 2. შესაძლებლობა მიიღოს დიდი ზომის გემები (მაგ. პანამაქსი); 3. მომსახურების მიღება „ერთი გაჩერების“ პრინციპით; 4. სწრაფი და მარტივი პროცედურები; 5. წლის ნებისმიერ პერიოდში უსაფრთხო ნაოსნობის შესაძლებლობა. საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წელს გამოცხადდა მოწვევა ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობისა და განვითარებისთვის ინტერესთა გამოხატვის შესახებ. პროექტთან დაკავშირებით ინტერესი ოფიციალურად გამოხატა თორმეტმა კომპანიამ. 2016 წლის 8 თებერვალს სამთავრობო კომისიის მიერ გამარჯვებულად გამოცხადდა ქართულ-ამერიკული კომპანია შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (TBC Holdings and Conti Group). გამარჯვებულ კომპანიასთან საინვესტიციო შეთანხმებას ხელი მოეწერა 2016 წლის 3 ოქტომბერს.  პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 2,5 მილიარდ დოლარს, აქედან 586 მილიონი ინვესტირებულ იქნება პირველი ფაზის მშენებლობისას. სახელმწიფო ინვესტორს გრძელვადიანი იჯარით გადასცემს 1000 ჰექტარ მიწის ნაკვეთს და უზრუნველყოფს პორტთან დამაკავშირებელი გზისა და რკინიგზის მშენებლობას (ზემოხსენებულის ჯამური ღირებულება დაახლოებით 114 მილიონი აშშ დოლარია). ნავსადგური აშენდება 9 ფაზად და მისი წლიური გამტარუნარიანობა საბოლოო ჯამში მიაღწევს 100 მილიონ ტონა ტვირთს.  სახელმწიფო ასევე უზრუნველყოფს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსის მინიჭებას პორტის მიმდებარე ტერიტორიისთვის. მოლაპარაკებები თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაზე გაიმართება დამატებით. 2017 წლის 20 დეკემბერს დაიწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. სახმელეთო სამუშაოები უკვე დასრულებულია და   ფსკერგაღრმავებითი სამუშაოები დასრულების სტადიაზეა.

 

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა

მიზანი: აღნიშნული პროექტის განხორციელება შექმნის აზია-ევროპის დამაკავშირებელ ალტერნატიულ სარკინიგზო მარშრუტს, რაც თავისთავად გულისხმობს ისტორიული აბრეშუმის გზის, იგივე TRACECA-ს საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარების ახალ იმპულს, რომელიც გაამყარებს საქართველოს პოზიციას, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ კონკურენტუნარიან მარშრუტს.

დაფინანსების წყარო: აზერბაიჯანის რესპუბლიკა

განხორციელების პერიოდი: 2007-დღემდე

დამატებითი ინფორმაცია: ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია მარაბდა-კარწახის 180კმ. სიგრძის  სარკინიგზო უბნის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია და მშენებლობა, რომელიც შედგება: მარაბდა-ახალქალაქის სარეკონსტრუქციო სარეაბილიტაციო უბნისგან - საექსპლუატაციო სიგრძით 153 კმ და ახალქალაქი-კარწახი-თურქეთის საზღვარი - 27კმ. სიგრძის ახალი სამშენებლო უბნისგან.

2015 წლის 28 იანვარს მარაბდიდან-კარწახამდე განხორციელდა სატესტო მატარებლის გატარება. ასევე 2015 წლის 11 დეკემბერს, შპს "მარაბდა-კარწახის რკინიგზამ" და "აზერბაიჯანის რკინიგზის" საქართველოს ფილიალმა ერთობლივად განახორციელეს ორგანიზებული სატვირთო მატარებლის საცდელი გატარება მარაბდა-ახალქალაქის სარკინიგზო მონაკვეთზე. 

დღეისათვის დასრულებულია ძირითადი სამუშაოები. 

 

ლოგისტიკური ცენტრების განვითარება 

მიზანი: ლოგისტიკური ცენტრების განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოში ლოგისტიკური მომსახურების, მათ შორის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარებას, გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს, ასევე წაახალისებს ექსპორტს. გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები და ქვეყანა მიიღებს დამატებით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. 

მხარდამჭერი ორგანიზაცია: მსოფლიო ბანკი

განხორციელების პერიოდი:  მიმდინარე

დამატებითი ინფორმაცია: აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის განხორციელების ხელშეწყობის პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი ითვალისწინებს საქართველოში ლოგისტიკის დარგის განვითარებას. ამისთვის შემუშავდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება  საქართველოში ორი თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრის განვითარების მიზნით. დოკუმენტი ცნობილმა გერმანულმა კომპანია Dornier Consulting International-მა მოამზადა. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტის შესაბამისად შეირჩა ორი საუკეთესო ლოკაცია - ერთი აღმოსავლეთ საქართველოში, სოფელ კუმისთან და მეორე დასავლეთში,  ქუთაისის აეროპორტის მიმდებარედ. ასევე მომზადდა თითოეული ლოგისტიკის ცენტრის კონცეპტუალური დიზაინი, ბიზნესმოდელი, გაკეთდა ბაზრის ანალიზი, სოციალური და გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ოპერირების ოპტიმალური მოდელი, განისაზღვრა დასაქმებულთა რაოდენობა და საჭირო კვალიფიკაცია.

თბილისის ლოგისტიკური ცენტრის ჯამური ღირებულება შეადგენს 80.3 მილიონ აშშ დოლარს (პირველი ფაზის ღირებულება 60.7 მილიონი), ხოლო ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრის ჯამური ღირებულება კი - 72.5 მილიონს (პირველი ფაზა - 27.1 მილიონი). ლოგისტიკური ცენტრების განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოში ლოგისტიკური მომსახურების, მათ შორის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარებას, გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს, ასევე წაახალისებს ექსპორტს. ამასთან, ორივე ლოგისტიკურ ცენტრში ჯამურად შეიქმნება 800-ზე მეტი პირდაპირი ახალი სამუშაო ადგილი და ქვეყანა მიიღებს დამატებით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. 

2017 წლის ნოემბერში ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტის შედეგების გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის სახელით, გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა ლოგისტიკური ცენტრების განვითარების მიზნით. ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა ცალკე თბილისის ლოგისტიკური ცენტრისა და ცალკე ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრის განვითარების მიზნით. შესარჩევი პროცესი წარიმართება რამდენიმე ფაზად, კერძოდ: პირველ ეტაპზე დაინტერესებული პირები წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტაციას, მათ შორის ინფორმაციას კომპანიაზე, მის გამოცდილებაზე, ფინანსურ რესურსზე და მიმდინარე დავებზე.  მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის შემთხვევაში, სამთავრობო კომისიის მიერ მოხდება რამდენიმე საუკეთესო კანდიდატის შერჩევა, რომელთაც მომდევნო ფაზაზე წარედგინებათ მოთხოვნა წინადადებათა წარმოდგენის შესახებ (RFP). აღნიშნული წინადადებები უნდა მოიცავდეს  სრულ ტექნიკურ და კომერციულ წინადადებებს ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობის, ოპერირებისა და ფინანსების მოზიდვის თაობაზე. 

ინტერესთა გამოხატვის ვადა დასრულდა 2018 წლის 29 იანვარს. თბილისის ლოგისტიკური ცენტრის მიმართ ინტერესი გამოხატა 5-მა კომპანიამ, ქუთაისის ლოგისტიკურ ცენტრზე შემოვიდა 3 განაცხადი. 

მ.წ. აპრილში სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, "მოკლე სიაში“ თბილისის პროექტზე გადაყვანილ იქნა 3 კომპანია, ხოლო ქუთაისის პროექტზე 2. ,,მოკლე სიაში“ შეყვანილ კომპანიებს დაევალათ ტექნიკური, ეკონომიკური და ფინანსური წინადადებების წარმოდგენა (RFP) თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების პროექტებთან დაკავშირებით. კანდიდატების მიერ წინადადებების წარმოდგენის საბოლოო ვადა ამოიწურა მ.წ. 8 ოქტომბერს. აღნიშნულ ვადაში განაცხადი შემოიტანა ერთმა კომპანიამ თბილისის ლოგისტიკური ცენტრის პროექტზე. ამჟამად, მიმდინარეობს შემოსული განაცხადის შეფასება. 


საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის და მისი სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია

მიზანი - ქვეყანაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლება, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობის შემცირება

დამფინანსებელი ორგანიზაცია - სახელმწიფო ბიუჯეტი და სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები

განხორციელების პერიოდი - სტრატეგია 2016-2030 წლები, სამოქმედო გეგმები  2017 და 2018 წლები

დამატებითი ინფორმაცია: მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ აღმოსავლეთ–დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მე–4 პროექტის (EWHIP-IV) ფარგლებში, დაინტერესებული უწყებების მონაწილეობით 2015 წელს მომზადდა საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია. სტრატეგია წარმოადგენს გრძელვადიან პერიოდში (2016-2030 წლები) სახელმწიფოს ხედვას საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლების თაობაზე  ბენეფიციარი სამინისტროების, უწყებების და დაინტერესებული მხარეების მიერ საერთო პასუხისმგებლობით. აღნიშნული სტრატეგია დამტკიცებული იქნა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №1389 განკარგულებით, რომლითაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განისაზღვრა  საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებაზე მაკოორდინირებელ უწყებად და მასვე დაევალა (სტრატეგიაში მითითებული სხვა სამინისტროებისა და უწყებების თანამონაწილეობით) საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებული საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიისა და ეროვნული  საგზაო უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შექმნა და მათი დებულების დამტკიცება, რაც განხორციელდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 7 ოქტომბრის № 1-1/536 ბრძანებით.

2016 წლის ბოლოს შემუშავებულ იქნა საგზაო უსაფრთხოების 2017 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც დამტკიცებულ იქნა 2016 წლის 29 დეკემბრის №2711 მთავრობის განკარგულებით, 2018 წლის სამოქმედო გეგმა კი დამტკიცებულია მთავრობის 2018 წლის 5 თებერვლის №276 განკარგულებით. სამოქმედო გეგმები მოიცავს კომპლექსურ ღონისძიებებს, რომელიც ითვალისწინებს ინფრასტრუქტურის, განათლების, ჯანდაცვის და სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას.

 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება

მიზანი: სააეროდრომო ინფრასტრუქტურის  და სამგზავრო ტერმინალის გაფართოება.

დამფინანსებელი ორგანიზაცია:  შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ და სახელმწიფო ბიუჯეტი.

განხორციელების პერიოდი: 2017 წლის სექტებერი-2020 წლის ბოლო

დამატებითი ინფორმაცია: პროექტი კომპლექსურია და შედგებოდა ორი ნაწილისგან: სააეროდრომო ინფრასტრუქტურის გაფართოება და სამგზავრო ტერმინალის გაფართოება. პროექტი მიზნად ისახავს ქუთაისის აეროპორტის გამტარუნარიანობის მნიშვნელოვან გაზრდას როგორც სადღეისოდ არსებული, გაზრდილი მოთხოვნისადმი მისი მისადაგების მიზნით, ისე გარკვეული სამომავლო პერიოდისათვის მოსალოდნელი ზრდის ინფრასტრუქტურული საჭიროებების უზრუნველსაყოფად.

2016-2018 წლებში განხორციელდა და ამ ეტაპზე  დასრულებულია საჰაერო ხომალდის 9 სადგომის მშენებლობა, ასევე დამთავრებულია მთლიანი აეროდრომის ტერიტორიის სანიაღვრე და წყალარინების სისტემის სრული რეაბილიტაცია, ასაფრენ ზოლთან ბაქნის დამაკავშირებელი, საჰაერო ხომალდის მეორე სამიმოსვლო ბილიკის მშენებლობა და ბაქანის განათების სისტემის განახლება და გაზრდა. დარჩენილია სამიმოსვლო ბილიკისა და ასაფრენი ზოლის დაერთების სამუშაოები.

რაც შეეხება აეროპორტის ტერმინალის გაფართოებას, პროექტირება დაიწყო 2017 წელს, ხოლო სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია 2017 წლის სექტემბრიდან. ამჟამად დასასრულს უახლოვდება შენობის კარკასის სამშენებლო სამუშაოები. მთლიანობაში ახალი ტერმინალის ძირითადი სამშენებლო სამუშაოების დასრულება ივარაუდება 2019 წლის ბოლოსათვის, რის შემდგომაც ეტაპობრივად განხორციელდება ტერმინალის არსებული ნაწილის რეკონსტრუქცია და ტერმინალების გაერთიანება და ერთიანი აღჭურვა. მთლიანობაში განახლებული ერთიანი ტერმინალის ოპერიებაში გაშვება ივარაუდება 2020 წლის პირველ ნახევარში. 

პროექტის დასრულების შემდეგ, ახალი სამგზავრო ტერმინალი დაახლოებით 3-ჯერ მეტ ფართობზე იქნება განლაგებული დღეს არსებულ ტერმინალთან შედარებით. დაახლოებით 2-3-ჯერ გაიზრდება ჩამოფრენისა და გაფრენის სივრცეები, კომერციული დანიშნულების ფართების ოდენობა, ასევე ტექნიკური და ადმინისტრაციული სივრცეები ტერმინალის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის.  

 

საჰაერო მოძრაობის კონტროლის ავტომატიზებული (ATC) სისტემა

მიზანი - პროექტი მიზნად ისახავს არსებული საჰაერო მოძრაობის მართვის ავტომატიზებული სისტემის (SELEX) ახლით ჩანაცვლებას. 

დამფინანსებელი ორგანიზაცია  - შპს „საქაერონავიგაცია“.

განხორციელების პერიოდი - 2014 წლის დეკემბერი - 2018 წლის მე-IV კვარტალი

დამატებითი ინფორმაცია - 2015 წლის 10 ივნისს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ტენდერში გამარჯვებულ ესპანურ კომპანიასთან (Indra Systemas, S.A.). სისტემა დაფუძნებულია თანამედროვე ტექნოლოგიებზე და შეესაბამება ყველა საერთაშორისო მოთხოვნას. იგი 4 ნაწილისაგან: თბილისის ძირითადი სისტემა, საწაფი, სარეზერვო სისტემა და სატესტო სისტემა. ამ ეტაპისთვის, საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემა დამონტაჟებულია და მიმდინარეობს მუშაობა მის ექსპლუატაციაში მისაღებად. ამავდროულად მიმდინარეობს ავიამეთვალყურეთა ახალ სისტემაზე სამუშაოდ გადამზადების პროცესი. 

 

ხმოვანი საკომუნიკაციო სისტემის დანერგვა

მიზანი - მიწისზედა/ჰაერი კავშირი (რადიოკავშირი) საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეებსა და საჰაერო ხომალდების მფრინავებს შორის;

  • მიწისზედა/მიწისზედა კავშირი (რადიოკავშირი, სატელეფონო კომუნიკაცია, პირდაპირი კავშირი, სატელიტური კომუნიკაცია) საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეებს შორის და საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეებსა და სხვასხვა პერსონალს შორის კოორდინირებისთვის.

დამფინანსებელი ორგანიზაცია - შპს „საქაერონავიგაცია“ 

განხორციელების პერიოდი - 2016 წელი - 2018 წლის დეკემბერი

დამატებითი ინფორმაცია - 2016 წლის  8 აპრილს „S.I.T.T.I SpA” კომპანიათან დადებული MOMS/07/04/16 ხელშეკრულების საფუძველზე შპს "საქაერონავიგაციის" მიერ შეძენილი იქნა ხმოვანი კავშირის სისტემა "SITTI"-ი. სისტემა  დაფუძნებულია თანამედროვე  ტექნოლოგიაზე და უზრუნველყოფს VoIP (ხმის გადაცემა IP-პროტოკოლის გამოყენებით) EUROCAE ED137B რეკომენდაციების თანახმად.  შპს „საქაერონავიგაცია“ ახორციელებს ხმოვანი კავშირის სისტემის შესყიდვას  ევროკონტროლის ESSIP (European Single Sky Implementation)  გეგმის შესაბამისად. ახალი სისტემის დაყენება/ინტეგრირება მოხდება საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი ავტომატიზებული სისტემის სამუშაო პოზიციებზე  (თბილისის ძირითადი სისტემა,  ქუთაისის სარეზერვო სისტემა და თბილისის საწაფი) და ხელს შეუწყობს ხმოვანი კავშირის დამყარებას (რადიო და ტელეფონი) თანამედროვე ციფრული კოდირების გამოყენებით, რაც საგრძნობლად გაზრდის კავშირის ხარისხს და საიმედობას, და აგრეთვე უზრუნველყოფს არსებული ანალოგური კოდირების მხარდაჭერას, რაც სრულად პასუხობს ESSIP გეგმით გათვალისწინებული გადასვლის პროცესს. 

პროექტი დასრულებულია და მიმდინაერეობს სამუშაოები მისი საჰაერო მოძრაობის მართვის ავტომატიზებული  სისტემასთან ერთად ექსპლუატაციაში შეყვანასთან დაკავშირებით. 

 

თანამგზავრის მეშვეობით საჰაერო ხომალდებზე დაკვირვების ავტომატიზებული სისტემის (ADS-B) დანერგვა

მიზანი - ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა უკეთესად იქნას აღქმული საჰაერო ხომალდის მოძრაობა, როგორც მფრინავის, ასევე ავიამეთვალყურის მიერ. მისი დანერგვის მთავარ მიზანს ფრენების უსაფრთხოების გაზრდა წარმოადგენს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს უკეთესად გავაკონტროლოთ ტრანზიტის ქვედა საჰაერო სივრცე  თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტების ზონაში და მთიან რეგიონებში.

დამფინანსებელი ორგანიზაცია - შპს „საქაერონავიგაცია“

განხორციელების პერიოდი - 2015 წლის ნოემბერი - 2018 წლის დეკემბერი 

დამატებითი ინფორმაცია - 2013 წელს გაფორმდა ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან (Indra Systemas, S.A.). აღნიშნული ტექნოლოგია 2013 წელს დაინერგა ფოთსა და ქუთაისში, ხოლო 2015 წლის იანვარში მისი ინსტალირება მოხდა ასევე ბათუმში. იგეგმება ასევე ოთხი მორიგი სადგურის - გუდაურის, ბაკურიანის, წნორის და ქვიშიანას მთის სანავიგაციო ობიექტებზე განთავსება და თბილისის და ქუთაისის ორი დამატებითი სერვერით უზრუნველყოფა.

პროექტი დასრულებულია და მიმდინარეობს მოწყობილობების ექსპლუატაციაში მიღების სამუშაოები.

 

დასავლეთ საქართველოს რეგიონისთვის ახალი მეტეოროლოგიური რადიოლოკაციური სადგურის შეძენა და დანერგვა

მიზანი - ფრენების მეტეოუზრუნველყოფის გაუმჯობესება და ფრენის უსაფრთხოების ხარისხის გაზრდა.
დამფინანსებელი ორგანიზაცია - შპს „საქაერონავიგაცია“

განხორციელების პერიოდი - 2016 წლის ივნისი - 2019 პირველი კვარტალი

დამატებითი ინფორმაცია - მეტეოროლოგიური მონაცემების სიზუსტისა და სისწორის უზრუნველსაყოფად სინოპტიკოსს აუცილებლად უნდა გააჩნდეს ასაფრენ/დასაფრენი ბილიკისა და აეროდრომის არეალში მყოფ მეტეოროლოგიური პროცესების მაქსიმალური ვიზუალური დაკვირვების საშუალება, რომელზეც პირდაპირაა დამოკიდებული ფრენების უსაფრთხოება. ერთი მეტეორადარის ინსტალაცია წარმატებით განხორციელდა 2015 წლის ბოლოს აღმოსავლეთ საქართველოში. მოცემული პროექტი მიზნად ისახავს დასავლეთ საქართველოს ანალოგიური მეტეორადიოლოკაციური ინფორმაციით უზრუნველყოფას.

2016 წლის 12 ოქტომბერს დაიდო ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან - Enterprise Electronics Corporation (აშშ). პროექტის შესრულების ვადა - 18 თვე. საწყისი ეტაპი დასრულდა 2017 წლის ნოემბერში, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოების განხორციელება და ელექტრომომარაგების უზრუნველყოფა პროექტის დასრულება დაგეგმილია 2019 წლის პირველ კვარტალში. 

 

პროექტი - „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელშეწყობის შესახებ“

მიზანი - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გარდაქმნა ევროპის ერთიანი საჰაერო სივრცის სტანდარტებით გათვალისწინებული ზედამხედველობის ეროვნული ორგანოდ, სააერნაოსნო მომსახურების კუთხით მაკონტროლებელი ფუნქციების სრულფასოვანი განხორციელება, სპეციალისტების შესაბამისი მომზადება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება.

დამფინანსებელი ორგანიზაცია - ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაცია (EUROCONTROL)

განხორციელების პერიოდი - 2011 წელი - მიმდინარეობს

დამატებითი ინფორმაცია - ორგანიზაცია სააგენტოს ეხმარება სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობის ეროვნული ორგანოსთვის დელეგირებული საერთაშორისო ვალდებულებების ეფექტურ და სრულფასოვან დანერგვაში შემდეგი მიმართულებებით: ევროპული ერთიანი ცის (SES) დანერგვა; საჰაერო სივრცის მართვა და მოქნილი სარგებლობა (FUA); სანავიგაციო სისტემების ურთიერთთავსებადობა; სამოქალაქო ავიაციაზე ზეგავლენის მქონე დაბრკოლებების და რელიეფური მონაცემების (TOD) მიწოდებაზე ზედამხედველობა; საექსპლუატაციო მახასიათებლებზე დაფუძნებული ნავიგაციის (PBN) დანერგვა. 

 

ტექნიკური დახმარების პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობისა და შუა აზიის ქვეყნებისთვის 

მიზანი: აღმოსავლეთ ევროპის მონაწილე ქვეყნებისთვის დახმარების გაწევა, პანევროპულ საჰაერო სივრცეში ეფექტური ფუნქციონირების, ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დანერგვისა და კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან მიახლოების კუთხით, ასევე კანონმდებლობისა და სამუშაო პრაქტიკის ჰარმონიზაცია საერთაშორისო უსაფრთხოებისა და უშიშროების სტანდარტებთან.

დამფინანსებელი ორგანიზაცია:  ევროკავშირი

განხორციელების პერიოდი -  2016 წელი-2020 წელი

დამატებითი ინფორმაცია - პროექტს უშუალოდ ახორცილებს ევროპის სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების სააგენტო (EASA). ბენეფიციარები: სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და შუა აზიის სხვა ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებები.

დასრულებული პროექტები

ამბროლაურის ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტის მშენებლობა

მიზანი: რეგიონების და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, ტურიზმის ხელშეწყობა.

დამფინანსებელი ორგანიზაცია: შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“

განხორციელების პერიოდი: 2016-2017

დამატებითი ინფორმაცია: ამბროლაურის ახალი აეროპორტი პირველ ეტაპზე მცირე ზომის - 15-20 ადგილიან საჰაერო ხომალდებს მოემსახურება, ხოლო პერსპექტივაში გათვალისწინებულია უფრო დიდი ხომალდების მიღებისა და ტერმინალის გაფართოების შესაძლებლობაც. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 1 100 მეტრს შეადგენს, ხოლო აეროპორტის ტერმინალის ფართობი 600 კვ.მ.-ია და დაახლოებით 50 მგზავრის ერთდროულად გატარებაზეა გათვლილი.

 

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ჩამოფრენის ტერმინალის მშენებლობა 

მიზანი: შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება, რაც ხელ შეუწყობს მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდას; ჩამომფრენი მგზავრების ცალკე სივრცეში, ეფექტური და ხარისხიანი მომსახურება.

დამფინანსებელი ორგანიზაცია: შპს ტავ ურბან საქართველო

განხორციელების პერიოდი : 2016-2017

დამატებითი ინფორმაცია: ახალ ტერმინალში განთავსებულია ბარგის მიმღები დამატებითი ლენტები, რაც უზრუნველყოფს მგზავრებისათვის ბარგის დროულად მიწოდებას. ახალი ტერმინალით   გამფრენი მგზავრებისათვის დაემატა ფლიგელი, სადაც ასევე მოწყობილია 2 საჰაერო ხომალდთან დამაკავშირებელი საჰაერო ხიდი. ჩამოფრენის ტერმინალის წინ მოწყობილია ახალი სადგომი საჰაერო ხომალდებისათვის და  ახალი ბაქანი.  არსებული ტერმინალი ემსახურება მხოლოდ გამფრენ მგზავრებს, რაც ხელს უწყობს აეროპორტის გამტარუნარიანობის მნიშვნელოვნად ამაღლებას და მათ შორის, მგზავრებისათვის ბარგის დროულად მიწოდებას. 

 

პროექტი - “საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან” (TW GE19)

მიზანი - ქვეყანაში მოქმედი საავიაციო კანონმდებლობის სრულყოფა და მისი ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, სამართლებრივი მექანიზმის შექმნა, რომელიც გააადვილებს ევროპული რეგულაციების დანერგვასა და განხორციელებას, ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სტრუქტურული და ინსტიტუციონალური გაძლიერება.

დამფინანსებელი ორგანიზაცია - ევროკავშირი, საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) ინსტრუმენტი

განხორციელების პერიოდი - 2015  -  2017 

დამატებითი ინფორმაცია - პროექტის ფარგლებში განხორციელდა სამოქალაქო ავიაციის მოქმედი კანონმდებლობის ევროპულ რეგულაციებთან შესაბამისობის ანალიზი, გამოიცა ანგარიში სამართლებრივი ჩარჩოს განსხვავების შესახებ, შემუშავდა ევროპული რეგულაციების გადმოტანისა და დანერგვის სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებშიც, სულ იდენტიფიცირებული იქნა 80 ევროპული რეგულაცია საავიაციო სექტორისთვის, აქედან პრიორიტეტულად განისაზღვრა 20-მდე რეგულაცია, რომლებზეც აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა ევროპელ ექსპერტთან, განხორციელდა 41 სხვადასხვა მიმართულების ექსპერტის 151 სამუშაო მისია (შეხვედრები, სემინარები, ტრენინგები).


 



დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©