განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები
2009 წელს საქართველომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებზე (შემდგომში DCFTA) მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად ევროკომისიისაგან მიიღო კონკრეტული რეკომენდაციები ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების (TBT- Technical Barriers to Trade) შემცირებასთან დაკავშირებით. მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე საქართველოს მთავრობამ 2010 წელს შეიმუშავა და დაამტკიცა სტრატეგია სტანდარტიზაციის, აკრედიტაციის, შესაბამისობის შეფასების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის სფეროში (შემდგომში TBT სტრატეგია). სტრატეგიით განსაზღვრული პრინციპების იმპლემენტაციისათვის 2010 წელს ასევე მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის პროგრამა სტანდარტიზაციის, აკრედიტაციის, შესაბამისობის შეფასების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის სფეროში საკანონმდებლო რეფორმის და ტექნიკური რეგლამენტების მიღების შესახებ (შემდგომში TBT პროგრამა).
ეროვნული ხარისხის ინფრასტრუქტურის და შესაბამისი სისტემების და ინსტიტუციების განვითარება მნიშვნელოვანია საქართველოში წარმოებული პროდუქტისა და მომსახურების საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ზრდისა და შესაბამისად, ექსპორტის ხელშეწყობისთვის.
2011 წელს, TBT სტრატეგიის და TBT პროგრამის შესაბამისად, მიღებულ იქნა სამრეწველო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის დანერგვას ინდუსტრიულ სფეროში.
TBT სტრატეგიით და TBT პროგრამით განსაზღვრული პრინციპების საკანონმდებლო იმპლემენტაციის მიზნით, 2012 წელს მიღებულ იქნა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, რომელშიც ინკორპორირებულ იქნა ორი ჰორიზონტალური ევროპული დირექტივა „წუნდებულ პროდუქტზე პასუხისმგებლობის შესახებ“ (Liability for defective Products Directive) და „პროდუქტის უსაფრთხოების ზოგადი დირექტივა“ (General Product Safety Directive).
ევროკავშირთან დაახლოების მიზნით, საქართველოს მთავრობის TBT სტრატეგიით და TBT პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება მიმდინარეობს ინტენსიურად და ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობის დადგენილებებით მიღებულ იქნა ექვსი სექტორული ევროპული დირექტივა, მათ შორის: 1. ლიფტის უსაფრთხოების შესახებ (№289; 20.07.2011); 2. ადამიანების გადასაყვანად განკუთვნილი საბაგირო მოწყობილობების შესახებ (№320; 15.07.2011); 3. წნევის ქვეშ მყოფი მარტივი ჭურჭლის შესახებ (150; 19.06.2013); 4. წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების შესახებ (№151; 19.06.2013); 5. თხევად ან აირად საწვავზე მომუშავე წყლის ახალი გამაცხელებლების (საქვაბე დანადგარი) ეფექტურობის მოთხოვნების შესახებ (№149; 17.06.2013); 6. რეკრეაციული მცურავი საშუალებების შესახებ (№452,31.12.2013).
მეტროლოგია და სტანდარტიზაცია
საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოში (შემდგომში - სააგენტო) აქტიურად მიმდინარეობს როგორც ინსტიტუციური, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესი ევროპული და და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის და მოთხოვნების შესაბამისად, რაც მნიშვნელოვანია როგორც მათი საქმიანობის საერთაშორისო აღიარების, ასევე ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობისთვის.
სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მეტროლოგიის და სტანდარტიზაციის საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებთან, რაც ხელს უწყობს მის ინტეგრაციას შესაბამის ინსტიტუციებში.
სტანდარტიზაციის და მეტროლოგიის განვითარება და დაახლოება საერთაშორისო და ევროპულ საუკეთესო პრაქტიკასთან მიმდინარეობს ТBT სტრატეგიის, TBT პროგრამისა და DCFTA-ს შესაბამისად.
2010 წელს, TBT სტრატეგიის და TBT პროგრამის შესაბამისად, შემუშავდა და მიღებულ იქნა სააგენტოს ინსტიტუციური რეფორმის გეგმა (IRP – Institutional Reform Plan), რომელშიც გაწერილია ის ღონისძიებები, რომელთა განხორციელება მნიშვნელოვანია სააგენტოს ინსტიტუციური გაძლიერებისთვის. მასში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია ახალი მიმართულებების წარმოქმნის შესაბამისად.
განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების, ასევე აქტიური საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, სააგენტო არის შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი:
მეტროლოგია
სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის მომსახურების საერთაშორისო დონეზე აღიარების მიზნით, TWINNING-ის პროექტის ფარგლებში დაინერგა ISO 17025 სტანდარტის შესაბამისი ხარისხის მენეჯმენტის სისტემა.
გერმანულ-ქართული პროექტის ფარგლებში, 2010 წელს გაიხსნა მასის ეტალონური ლაბორატორია, ხოლო 2013 წელს - ელექტროგაზომვების ეტალონური ლაბორატორია. ორივე ლაბორატორია შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს როგორც ინფრასტრუქტურული და ტექნიკური აღჭურვილობის, ასევე, პერსონალის კვალიფიკაციის თვალსაზრისით.
სამ ეტალონურ ლაბორატორიში - ელექტრო გაზომვების, მასის და მექანიკის (ტემპერატურის ლაბორატორია) გერმანელი ექსპერტების მიერ ჩატარდა წინასწარი შეფასება და მიღებული შედეგების განხილვა. სამივე ლაბორატორიამ, 2013 წლის თებერვალში მიიღო საერთაშორისო აღიარება მეტროლოგიის რეგიონალური ორგანიზაციის - COOMET-ის მიერ.
ეროვნული ეტალონებისა და მაღალი სიზუსტის ეტალონური გაზომვის საშუალებების მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად, პერმანენტულად მიმდინარეობს ეტალონების დაკალიბრება ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ხოლო ეროვნული ეტალონების ექვივალენტურობის ხარისხის დადგენის და საერთაშორისო დონეზე ქვეყნის გაზომვისა და დაკალიბრების შესაძლებლობების აღიარების მიზნით, სააგენტო წარმატებით მონაწილეობს ეროვნული ეტალონების საერთაშორისო/რეგიონულ შედარებებში სხვადასხვა სფეროში (ელექტროობა, ტემპერატურა, ფიზიკო-ქიმიური გაზომვები, რადიაცია, მასა).
TWINNING-ის პროექტის ფარგლებში განხორციელდა IT ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები. ამავე პროექტის ფარგლებში შემუშავდა სააგენტოს ვებ-გვერდი რომელზეც ასევე განთავსებულია დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრი.
სტანდარტიზაცია
პერმატეტნულად მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების საქართველოს სტანდარტებად რეგისტრაციის პროცესი, რაც მნიშვნელოვანია მეწარმეთათვის სტანდარტებზე ხელმისაწვდომობის კუთხით. დღეისთვის საქართველოს სტანდარტად დარეგისტრირებულია დაახლოებით 4 500-ზე მეტი საერთაშორისო (ISO) და რეგიონული (EN) სტანდარტი.
სტანდარტებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გამარტივების მიზნით შეიქმნა და სააგენტოს განახლებულ ვებ-გვერდზე განთავსდა სტანდარტების online კატალოგი. კატალოგის საშუალებით შესაძლებელია სასურველი სტანდარტის მოძებნა და ასევე, სტანდარტის online შეძენა სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად.
სტანდარტიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების "სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტის შექმნის პროცედურისა და ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ“(10.9.2012 №-1-1/1740) საფუძველზე, შეიქმნა სტანდარტიზაციის სამი ტექნიკური კომიტეტი ელექტროტექნიკის, შესაბამისობის შეფასებისა და მენეჯმენტის და სურსათის სფეროებში.
გაძლიერდა სტანდარტების დეპარტამენტში არსებული მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის საინფორმაციო ცენტრის (WTO/TBT) შესაძლებლობები და მენეჯმენტი და დაიხვეწა კომუნიკაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, რომლებიც სისტემატიურად იღებენ ინფორმაციას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მიერ მიღებული რეგულაციების შესახებ.
სტანდარტიზაციის პროცესის საერთაშორისო მოთხოვნებთან დაახლოების მიზნით, 2012 წლიდან ხორციელდება სტანდარტების ყოველწლიური პროგრამის შემუშავება, რომელშიც გათვალისწინებულია სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული სტანდარტები.
განხორციელებული და მიმდინარე საერთაშორისო პროექტები
აკრედიტაცია
ეროვნული აკრედიტაციის სისტემის განვითარება საერთაშორისო და ევროპული ნორმების და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად და მისი საერთაშორისო აღიარება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოში წარმოებული პროდუქტისა და მომსახურების კონკურენტუნარიანობის და ექსპორტის ზრდისთვის, ასევე ბიზნესის მხრიდან, შესაბამისობის შეფასებასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირებისთვის.
აკრედიტაცია წარმოადგენს შესაბამისობის შემფასებელი პირების კომპეტენტურობის განსაზღვრის ინსტრუმენტს სფეროებში, სადაც შესაბამისობის შეფასება კანონმდებლობით რეგულირებულია და იქაც, სადაც ნებაყოფლობითია.
აკრედიტაციის სისტემის განვითარება და მისი საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებთან დაახლოება ითვალისწინებს აკრედიტაციის სისტემის წარმართვას აკრედიტაციის საერთაშორისო მოთხოვნების და პრაქტიკის შესაბამისად.
აკრედიტაციის სისტემის ჰარმონიზაცია ევროპულ მოდელთან ხორციელდება ТBT სტრატეგიის, TBT პროგრამის და DCFTA-ს შესაბამისად. ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს პროდუქტის, პროცესების და მომსახურების შესაბამისობის შემფასებელი პირების აკრედიტაციის სამუშაოების წარმართვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
შესაბამისად, აკრედიტაციის ცენტრი მიზნად ისახავს, აკრედიტაციაში ევროპული და საერთაშორისო მოთხოვნების იმპლემენტაციის გზით მიაღწიოს EA-თან (European Co-operation for Accreditation) ორმხრივი შეთანხმებას.
ქართული აკრედიტაციის სისტემის საერთაშორისოსთან დაახლოების მიზნით აკრედიტაციის ცენტრსა და EA-ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება (2009 წელი). ხელშეკრულების შესაბამისად, ცენტრმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები აკრედიტაციის ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გასაძლიერებლად. შედეგად, აკრედიტაციის ცენტრსა და EA-ს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ასოცირებულ წევრობაზე (2011 წელი), რომლის ფარგლებშიც გრძელდება აკრედიტაციის ცენტრის წარმომადგენელთა მუშაობა EA-ს ლაბორატორიის, ინსპექტირების და სერტიფიკაციის ტექნიკურ კომიტეტებში და EA-ს ყოველწლიურ გენერალური ასამბლეის საქმიანობაში.
ევროკავშირის TWINNING-ის პროექტის - „აკრედიტაციის ინფრასტრუქტურის გაძლიერება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად“- ფარგლებში (2012-2013 წლები), აკრედიტაციის ცენტრში განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები.
TWINNING-ის პროექტის ძირითადი პრიორიტეტები სრულად შეესაბამებოდა აკრედიტაციის ცენტრის მიერ შემუშავებულ ინსტიტუციური რეფორმის გეგმას (IRP – Institutional Reform Plan). აღნიშნული გეგმა შემუშავებულია საქართველოს მთავრობის ТBT სტრატეგიის და ТBT პროგრამის შესაბამისად (2010 წელი). მასში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია ახალი მიმართულებების წარმოქმნის შესაბამისად.
ინსტიტუციონალური რეფორმის გეგმისა და TWINNING-ის პროექტის პრიორიტეტების თანხვედრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ცენტრის მიერ დასახული გეგმების წარმატებით რეალიზაციას, როგორც აკრედიტაციის ახალი წესებისა და პროცედურების დახვეწის, მისი ინსტიტუციონალური გავითარების, ასევე დაინტერესებული მხარეებისათვის აკრედიტაციის ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობის კუთხით.
აკრედიტაციის ცენტრმა TWINNING-ის პროექტში ჩართული ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, შეიმუშავა საერთაშორისო პრაქტიკის თანმხვედრი აკრედიტაციის ახალი წესები და პროცედურები.
აკრედიტაციის ცენტრმა ბაზარს შესთავაზა აკრედიტაციის ახალი მიმართულებები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. კერძოდ, სამედიცინო ლაბორატორიების აკრედიტაციისათვის სსტ ისო/იეკ 15189 და აუდიტისა და მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკაციის განმახორციელებელი ორგანოებისათის - ისო/იეკ 17021-ის შესაბამისად.
იმავდროულად TWINNING-ის პროექტის ფარგლებში განხორციელდა რიგი ღონისძიებები ადამიანური რესურსების გაძლიერებისთვის (ტრეინინგები/სემინარები), მათ შორის, ევროპის ახალი მიდგომის დირექტივებისა და სტანდარტების შესაბამისად აკრედიტაციის ცენტრის შემფასებლებისათვის, შესაბამისობის შემფასებელი პირების წარმომადგენლებისათვის და აკრედიტაციის სამუშაოებში ჩართული მოწვეული ექსპერტებისათვის.
აკრედიტაციის ცენტრის მენეჯმენტის სისტემა შესაბამისობაში მოვიდა საერთაშორისო სტანდარტის (სსტ ისო/იეკ 17011), EA-ს (European Cooperation for Accreditation), ILAC-ის (International Laboratory Accreditation Cooperation) და IAF-ის (International Accreditation Forum) მოთხოვნებთან. მენეჯმენტის სისტემა დადებითად შეფასდა 2013 წლის ივლისში TWINNING-ის პროექტის ფარგლებში მოწვეული ექსპერტების მიერ.
შემუშავდა და მთავრობის დადგენილებით მიღებულ იქნა შესაბამისობის შეფასების მოდულები, ქვემოდულები და მათთან დაკავშირებული პროცედურები (N134; 31.05.2013), რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ ნორმებთან.
აკრედიტაციის ცნობადობის ამაღლების მიზნით დაიგეგმა და 2012-2013 წლებში ჩატარდა 4 კონფერენცია.
TWINNING-ის პროექტის მეშვეობით მნიშვნელოვნად გაძლიერდა აკრედიტაციის ცენტრის შესაძლებლობები. ცენტრი მზად არის მონაწილეობა მიიღოს აკრედიტაციის ევროპული თანამშრომლობის (EA) მიერ კოლეგიალურ შეფასების პროცესში, EA-სთან ორმხრივი აღიარების შეთანხმებაზე ხელმოწერის მიზნით. ეს ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ (DСFTA) შეთანხმების წარმატებულ რეალიზაციას.
ბაზარზე ზედამხედველობა
ინდუსტრიულ პროდუქტზე ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის განვითარება ევროპული და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად მნიშვნელოვანია როგორც ბაზარზე უსაფრთხო პროდუქტის განთავსებისთვის, ასევე, DCFTA-ს ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებებისთვის.
ინდუსტრიულ პროდუქტზე ბაზარზე ზედამხედველობის სტრატეგიის და ახალი მიდგომის ევროპული დირექტივების იმპლემენტაციის მიზნით, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ითარგმნა ევროპული სტანდარტი "უსაფრთხოების წესები არსებულ სამგზავრო და სატვირთო-სამგზავრო ლიფტების უსაფრთხოების გაუმჯობესების შესახებ” (EN 81-80 “Safety Rules for the improvement of safety of existing passenger and goods passenger lifts-Part 80“). აღნიშნული სტანდარტი გამოყენებულ იქნა შესაბამისი ქართული ტექნიკური რეგლამენტის - "ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ” შემუშავებისას, რომელიც მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის დადგენილებით (№446; 31.12.2013).
ლიფტის შესახებ ახალი მიდგომის ევროპული დირექტივის საფუძველზე მიღებული ლიფტის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული დებულებების იმპლემენტაციის ხელშეწყობისთვის, ითარგმნა ლიფტის დირექტივის (95/16/EC) გამოყენების სახელმძღვანელო. შესაბამისად მომზადდა სააგენტოს შიდა სახელმძღვანელო ინსტრუქცია ბაზარზე ახლად განთავსებული და ექსპლუატაციაში გასაშვები ლიფტების შესაბამისობის შეფასების განსახორციელებლად.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ინდუსტრიულ პროდუქტზე ბაზარზე ზედამხედველობის სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაზე.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70