- მთავარი
თავის მოკლე მიმოხილვა
შეთანხმება გულისხმობს სანიტარიულ და ფიტოსანიტარულ ღონისძიებებს დაქვემდებარებული პროდუქციით ვაჭრობის ხელშეწყობას. ამავდროულად, ადამიანების, ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობის დაცვას შემდეგი ღონისძიებებით:
- ვაჭრობასთან დაკავშირებული სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ღონისძიებების სრული გამჭვირვალობა;
- საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან;
- ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობის სტატუსის აღიარება და რეგიონული პრინციპის დანერგვა;
- საქართველოსა და ევროკავშირს შორის სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ღონისძიებების გატარებისას თანამშრომლობის გაღრმავება.
აგრეთვე, შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ცხოველთა კეთილდღეობაზე ერთნაირი მიდგომების ჩამოყალიბებას.
ვალდებულება
- შეთანხმებიდან გამომდინარე, საქართველოს მხარე ვალდებულებას იღებს, მოახდინოს საკუთარი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია შესაბამის ევროპულ სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ კანონმდებლობასთან. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ 6 თვის ვადაში საქართველომ უნდა შეიმუშაოს იმ ევროპული საკანონმდებლო აქტების ნუსხა, რომელთანაც მოხდება ქართული კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოება.
- შეთანხმების მიხედვით, დაახლოების სია უნდა იყოს დაყოფილი პრიორიტეტების მიხედვით და დროში გაწერილი, რაც ხელს შეუწყობს როგორც ერთი პროდუქტით, ასევე პროდუქტების ჯგუფით ვაჭრობას მხარეებს შორის.
- საკანონმდებლო დაახლოება ქვაკუთხედია საქართველოსა და ევროკავშირს შორის სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციით ვაჭრობისას. აღნიშნულის მიღწევა საფუძველი იქნება ქართული მარეგულირებელი სისტემის ევროპულ რეგულაციებთან ექვივალენტობის დადგენისას.
- ექვივალენტობის დადგენა შესაძლებელი იქნება ერთ ღონისძიებაზე, ღონისძიებათა ერთობლიობაზე, ან სისტემაზე, რომელიც ეხება სექტორს, ქვესექტორს, კონკრეტულ პროდუქტს ან პროდუქტების ჯგუფს. ექვივალენტობის ფორმალურად აღიარების შემდეგ, მისი დანერგვა მოხდება მხარეებს შორის ვაჭრობაში. გადაწყვეტილება ექვივალენტობის აღიარების შესახებ შესაძლოა გამოიხატოს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ტვირთის ფიზიკური შემოწმების შემცირებით, აგრეთვე სერთიფიკატების და საწარმოების ექსპორტიორთა სიაში შეტანის პროცედურების გამარტივებით.
სარგებელი
ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, გააუმჯობესოს საკუთარი სანიტარიული და ფიტოსანიტარიული, ცხოველთა კეთილდღეობის კანონმდებლობა, შეინარჩუნოს ვეტერინარული კეთილსაიმედოობა, დაიცვას ქვეყნის ტერიტორია მავნე ორგანიზმების შემოჭრისა და გავრცელებისგან, მიაღწიოს ევროპული რეგულირების ექვივალენტურ დონეს, რაც საშუალებას მისცემს ქართულ წარმოებას ცხოველური და მცენარეული წარმოშობის პროდუქციით ევროკავშირთან ივაჭროს გამარტივებული წესით.
სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სისტემის გაუმჯობესება და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება გაზრდის ქართული პროდუქციის ხარისხს და აამაღლებს სანდოობას მსოფლიო ბაზარზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული ექსპორტის ზრდას. გარდა ამისა:
- ქართველ მომხმარებელს მიეწოდება უსაფრთხო და უვნებელი პროდუქტი;
- შემცირდება ქართველი ექსპორტიორებისათვის ექსპორტთან დაკავშირებული ხარჯები;
- მოხდება სასოფლო-სამეურნეო საწარმოების მოდერნიზება;
- ამაღლდება ქართული აგრარული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა.