განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები

საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან განუყოფელი ნაწილი და წინაპირობაა DCFTA-ს შეთანხმებისთვის. დღეისათვის, საკანონმდებლო გაუმჯობესების პროცესი, რომელშიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად არის ჩართული მოიცავს: სურსათის უვნებლობის ყოვლისმომცველი სტრატეგიისა და საკანონმდებლო დაახლოების პროგრამის გადახედვას; პირველადი და მეორადი კანონმდებლობის შემუშავებას. 


საკანონმდებლო დაახლოების პროგრამა

2010 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო "ყოვლისმომცველი სტრატეგია სურსათის უვნებლობის სფეროში და საკანონმდებლო მიახლოების პროგრამა".

აღნიშნული სტრატეგია და საკანონმდებლო დაახლოვების პროგრამა მიზნად ისახავს საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოების განვითარებას სურსათის უვნებლობის სფეროში და ევროკავშირის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი  მდგრადი სურსათის უვნებლობის სისტემის ჩამოყალიბებას საქართველოში. 

2013 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი საკანონმდებლო დაახლოების პროგრამაში ახალი პრიორიტეტების შესაბამისად ცვლილებების შესატანად. ჯგუფის მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩართულები ევროკავშირის ექსპერტები. საბოლოოდ, შეიქმნა ახალი დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია ევროკავშირის ის საკანონმდებლო აქტები, რომელთაც საქართველო დაუახლოებს თავის კანონმდებლობას შემდეგი 8 წლის განმავლობაში. პროექტი გადაგზავნილია შესაბამის სამინისტროებში შესათანხმებლად.  

DCFTA IV თავი (სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები) ითვალისწინებს საქართველოს მიერ სურსათის უვნებლობის სფეროში დასაახლოებელი ევროკავშირის კანონმდებლობის ჩამონათვალის ევროკავშირისთვის წარდგენას შეთანხმების ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში (2015 წლის თებერვლის ბოლო).

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში დასრულდა მუშაობა ევროკავშირთან დასაახლოებელი კანონმდებლობის ჩამონათვალზე. აღნიშნული ჩამონათვალი მოიცავს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროების მარეგულირებელი ევროკავშირის კანონმდებლობის ნუსხას და დაახლოების ვადებს. ჩამონათვალში ევროკავშირის კანონმდებლობის წლების მიხედვით განსაზღვრა განხორციელდა მათი პრიორიტეტულობის მიხედვით. კერძოდ, მხედველობაში იქნა მიღებული შესამუშავებელი კანონმდებლობის მნიშვნელობა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარული კეთილსაიმედოობისა და მცენარეთა დაცვის კუთხით.  ჩამონათვალში პირველ ეტაპზე ასევე აისახა საქართველოში უკვე მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც საჭიროებს რევიზიას ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიახლოების მიზნით.

საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება მოხდება ეტაპობრივად 2015 წლიდან 2030 წლის ჩათვლით. კონკრეტულ ნორმატიული აქტების დამტკიცებამდე მოხდება მათი განხილვა ყველა დაინტერესებულ პირთან, საჯარო და კერძო ინტერესების მაქსიმალურად დაცვის უზრუნველსაყოფად.

აღნიშნული ჩამონათვალის განხილვებში მონაწილეობდნენ სხვა უწყებების, კერძოდ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახურის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

ჩამონათვალი ოფიციალურად დამტკიცებამდე წარდგენილი იქნება ევროკავშირის უფლებამოსილ წარმომადგენლებთან საბოლოო შეთანხმების მიზნით.


სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

2012 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი". 

2012 წელს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილებების პროექტის მომზადებისთვის.

სოფლის მეურნეობის სამინიტროსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ცვლილებების პროექტის მოზადებაში ჩართულები იყვნენ ევროკავშირის ექსპერტები, არსამთავრო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები. 2013 წლის ოქტომბერში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ექსპერტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. სამუშაო შეხვედრის შედეგად შემუშავდა კოდექსის პროექტი, რომელიც შიდასახელმწიფოებრი განხილვებისათვის გადაიგზავნა შესაბამის სამინისტრეობში. შენიშვნების მიღების შემდეგ შეთანხმებული ვერსია გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს განსახილველად. 


მეორადი კანონმდებლობა

2010 - 2013 წლებში ცვლილებები განხორციელდა მეორად კანონმდებლობაში სურსათის ჰიგიენის და იმპორტის კონტროლის კუთხით. 

2013 წელს ცვლილებები შევიდა სურსათის უვნებლობის მოთხოვნების, ცხოველური და მცენარეული წარმოშობის პროდუქტების  მარეგულირებელ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში, აგრეთვე მთავრობამ მიიღო დადგენილება "ბიო წარმოების შესახებ". 

 

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი

იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს ეფექტიანი სურსათის უვნებლობის სისტემა საქართველოში ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად და უზრუნველვყოთ "ფერმიდან სუფრამდე" პრინციპის დაცვა, ყოველწლიურად იქმნება რისკზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის პროგრამა, რომელიც განსაზღვრავს ჩასატარებელი ინსპექტირების რაოდენობას. ასევე, სურსათის მონიტორინგის გეგმა მოიცავს ბაზარზე განთავსებული სურსათიდან ასაღები სინჯების რაოდენობას, სურსათის სახეობებსა და საკვლევ პარამეტრებს. 

სურსათის ბიზნეს ოპერატორების კონტროლი დაიწყო 2010 წელს. 2012 წელს რეგისტრაცია რეესტრში სავალდებულო გახდა სურსათის მწარმოებელი კომპანიებისთვის. დღეისათვის ინსპექტირების რაოდენობა რამოდენიმეჯერ გაიზარდა და 2013 წელს ინსპექტირება განხორციელდა 2000-ზე მეტ საწარმოში. სახელმწიფო კონტროლის გაძლიერების მიზნით 2014 წელს სურსათის ეროვნულ სააგენტოში იგეგმება 84-მდე სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი პირის(მ.შ. 60 ინსპექტორის) დამატება. ამასთანავე, სურსათის სახელმწიფო კონტროლი განხორციელდება როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე. 


გატარებული ღონისძიებების შედეგად 2013 წელს 2012 წელთან შედარებით მოიმატა:

  • გეგმური ინსპექტირების რაოდენობამ 1.9 ჯერ;
  • არაგეგმური ინსპექტირების რაოდენობამ 5.2 ჯერ;
  • გადამოწმებების რაოდენობამ 14 ჯერ;
  • სულ ინსპექტირების რაოდენობამ 4.2 ჯერ; 
  • საწარმოო პროცესის შეჩერებამ 2.2 ჯერ;
  • ჯარიმების რაოდენობამ 11.2 ჯერ;
  • ჯარიმების თანხამ 9.6 ჯერ;


2013 წელს სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის მიერ,  პირველად ევრორეგულაციის EC 2073/2005 „მიკრობიოლოგიური კრიტერიუმები სურსათისათვის“ შესაბამისად, ხორციელდება სურსათში Listeria monocytogenes ლაბორატორიული კვლევა; 

ევროკავშირში თაფლის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, 2013  წელს პირველად განხორციელდა თაფლში ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების ლაბორატორიული კვლევა;

2010 წელს, იმპორტის პროცედურები გამარტივდა, კერძოდ, შეზღუდვები აღარ ვრცელდება ევროკავშირის და ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნებში წარმოებულ პროდუქციაზე.

აგრეთვე ევროკავშირის მიერ მესამე ქვეყნებში აღიარებული საწარმოებიდან იმპორტი ხორციელდება ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების მიერ საწარმოში ვეტერინარული კონტროლის განხორციელების გარეშე.

ქვეყნის ფარგლებს გარეთ,  ვეტერინარული კონტროლი განხორციელდა 51 საწარმოში. 

2013 წელს განხორციელებული ცვლილებების შემდეგ გაიზარდა იმპორტის ნებართვას დაქვემდებარებული პროდუქციის ნუსხა.


ცხოველთა იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია

2012 წელს ქვეყნის მასშტაბით დაიგეგმა და დღემდე მიმდინარეობს მსხვილფეხა პირუტყვის იდენტიფიკაცია.

დაგეგმილია ცხოველთა რეგისტრაციის ელექტრონული მონაცემთა ბაზის შემუშავება და დანერგვა და იდენტიფიცირებული ცხოველების რეგისტრაცია. 


დაავადებებთან ბრძოლა

2011 წლიდან დაიწყო და აქტიური ზედამხედველობა ხორციელდება ცხოველთა განსაკუთრებით საშიშ დაავადებებზე, როგორებიცაა: ბრუცელოზი, ქოთაო, ქუ-ცხელება. 2012 წლის მეორე ნახევრიდან ქვეყანაში დაიწყო ცხოველთა პროფილაქტიკური ვაქცინაციების ჩატარება თურქლზე, ჯილეხზე და ცოფზე. ვაქცინაცია ხორციელდება სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის შესაბამისად. 

2014 წლიდან იგეგმება აქტიური ზედამხედველობა ჯილეხსა, ტუბერკულოზსა და ღორის აფრიკულ ცხელებაზე. 

ვეტერინარული ღონისძიებების გასაძლიერებლად მიმდინარეობს ეროვნული სააგენტოს ცენტრალურ და რეგიონულ ოფისებში ვეტერინარი სპეციალისტების რაოდენობის ზრდა. 


საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანება 

2013 წლის აპრილში საქართველო გაწევრიანდა თურქულის დაავადების კონტროლის ეროპის კომისიაში (EuFMD). ორგანიზაციის წევრობა საქართველოს საშუალებას აძლევს უფრო ინტენსიურად ითანამშრომლოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებან ცხოველთა დაავადების კონტროლის ღონისძიებებთან დაკავშირებით. 


საერთაშორისო პროექტები

ყოვლისმომცველი ინსტიტუციონალური განვითარების პროგრამა (CIB)

პროექტი ფინანსდება ევრო კავშირის მიერ და მიზნად ისახავს სურსათის ეროვნული სააგენტოს დახმარებას შესაძლებლობათა ზრდის კუთხით. პროექტი დაიწყო 2012 წელს და მის ფარგლებში დაგეგმილია შედეგი ძირითადი საქმიანობები: 

  • სემინარებისა და კონფერენციების გამართვა, ტრეინინგების ორგანიზება
  • კომპიტერული აღჭურვილობის შეძენა და პროგრამული სისტემის გაუმჯობესება
  • SPS სპეციალური აღჭურვილობის შეძენა 
  • რეგიონალური ოფისების შეკეთება და ტრასპორტის შეძენა (მანქანები) 
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანია


საქართველოს სოფლის მეურნეობის შესაძლებლობების ზრდა Georgia (CBA-G) 

პროექტი ხორციელდება შვედეთის სოფლის მეურნეობის საბჭოს (SBA), შვედეთის სურსათის ეროვნული სააგენტოს (NFA) და საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაწილეობით. პროექტი არის 3 წლიანი და პირველი ეტაპი დაიწყო 2011 წლის ივლისში. 

პროექტის მიზანია საქართველოში მყარი სურსათის უვნებლობის სიტემის ჩამოყალიბება ევროკავშირის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. გარდა ამისა, იგი მიზნად ისახავს საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც ხელს შეუწყობს ბაზრის დინამიურ განვითარებას. ამ მიზნით პროექტის ფარგლებში შექმნილია სამუშაო ჯგუფები: 

  • კანონმდებლობის იმპლემენტაციის ჯგუფი – საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის და საერთაშორისო სტანდარტებთან; 
  • სახელმწიფო ადმინისტრირების ჯგუფი – სურსათის საწარმოო ჯაჭვზე ეფექტური ზედამხედველობის უზრუნველყოფა. აგრეთვე, სააგენტოს ოფისების მოწყობა და მათი აღჭურვა შესაბამისი მოწყობილობებით;
  • ვეტერინარული მომსახურების ჯგუფი – ეროვნული ვეტერინარული სისტემის განვითარებისთვის სტრუქტურული და პროცედურული ცვლილებების დაგეგმვა;
  • სურსათის ინსპექტირების ჯგუფი – სურსათის უვნებლობის ინსპექტირებისთვის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული გამოცდილების შეძენა; 
  • სამოქალაქო საგანგებო სიტუაციების მენეჯმენტის ჯგუფი – სურსათის სფეროში რისკის და საფრთხეების შეფასება და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაზრდა მათი ეფექტური მართვისთვის.

დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021