თავის მოკლე მიმოხილვა

 
შეთანხმება ეხება საბაჟო საკითხებში თანამშრომლობასა და პროცედურების გამჭვირვალობას.

ვალდებულება

შეთანხმების ფარგლებში, ძალაში შესვლიდან 4 წლის ვადაში ქართულ მხარეს ეკისრება ვალდებულება, რომ მოხდეს ქართული საკანომდებლო ბაზის დაახლოება 1992 წლის 12 ოქტომბრის ევროკავშირის საბჭოს რეგულაციასთან (ევროკავშირის საბაჟო კოდექსი). აღნიშნული გულისხმობს საქართველოს საბაჟო სისტემაში ევროკავშირში მოქმედი მსგავსი საბაჟო პროცედურების დანერგვას, რომლის მიზანია საქართველოსა და ევროკავშირის ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ერთნაირი საბაჟო რეგულირების გარემოს შექმნა. გასათვალისწინებელია, რომ ამისთვის დასანერგია კერძო სექტორის ნებაყოფლობითი კანონმორჩილების უფრო მაღალი სტანდარტები (უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორი), ასამაღლებელია საბაჟო კონტროლის ეფექტურობა. შესაბამისად უნდა დაჩქარდეს საბაჟო ადმინისტრირების სისტემის მოდერნიზაცია, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მათი სათანადოდ აღჭურვა, ადამიანური რესურსების კვალიფიკაციის ამაღლება.

ასევე, შეთანხმების ხელმოწერიდან 4 წლის ვადაში ქართულ მხარეს ეკისრება ვალდებულება, რომ შეუერთდეს 1987 წლის 20 მაისის კონვენციას საქონლით ვაჭრობისას გამარტივებული პროცედურების შესახებ და 1987 წლის 20 მაისის კონვენციას ტრანზიტის საერთო პროცედურების შესახებ. 

საქართველო ასევე მოახდენს ინტელექტუალური საკუთრების საზღვარზე დაცვის მარეგულირებელი წესების დაახლოებას ევროპაში მოქმედ შესაბამის რეგულაციებთან და დირექტივებთან. 

 

სარგებელი

საქართველოს საბაჟო რეგულაციები დაუახლოვდება ევროკავშირის პროგრესულ რეგულაციებს. განხორციელდება მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და ევროკავშირის საბაჟო ადმინისტრაციებს შორის, რაც ხელს შეუწყობს საქართველო-ევროკავშირს შორის ექსპორტ/იმპორტის პროცედურების გამარტივებას.

საკანონმდებლო დაახლოების პროცესი კერძო სექტორს მისცემს საშუალებას მინიმუმამდე შეამციროს საქართველოსა და ევროკავშირის სხვადასხვა სამართლებრივი ვალდებულებების შესრულების შედეგად დანახარჯების ოდენობა საქონლის იმპორტ-ექსპორტისას. ასევე ხაზგასასმელია, რომ ტრანზიტის საბაჟო პროცედურისას საქართველოს საბაჟოს მიერ გაცემული სატრანზიტო დოკუმენტაცია და გარანტია იმოქმედებს ევროკავშირის (შვეიცარია, ნორვეგია, თურქეთი) სისტემის მასშტაბით და გადამზიდავები ვალდებული აღარ იქნებიან განმეორებით მოიპოვონ გარანტია, ან ტრანზიტის ქვეყნის საბაჟოსთვის გააფორმონ დამატებითი დოკუმენტები საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანიდან  დანიშნულების ადგილამდე. მოცემული წარმოადგენს კიდევ ერთ დანაზოგს საქართველოში მომუშავე მეწარმეებისა და ექსპორტიორებისათვის და დადებითად იმოქმედებს ქართული საქონლის ღირებულებასა და შესაბამისად მის კონკურენტუნარიანობაზე.

ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიზანია საქართველოს ბაზარზე უფრო ხელსაყრელი პირობები შეუქმნას, როგორც ინტელექტუალური საკუთრების უფლების მატარებელ საქონლის ადგილობრივ მომხმარებლებს, ასევე ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მქონე პირებს. გაყალბებული პროდუქციის იმპორტის, საავტორო უფლებების დარღვევის ფაქტების მინიმუმამდე შემცირება უფრო ხელმისაწვდომს გახდის ხარისხიან პროდუქციას და დაიცავს მომხმარებელთა უფლებებს, ასევე ხელს შეუწყობს სამართლიან კონკურენციას და ინვესტიციების მოზიდვას. 

დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021