განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები
 

საჯარო შესყიდვების პოლიტიკის შემდგომი განვითარებისა და ევროკავშირის შესაბამის რეგულაციებთან დაახლოებისათვის, განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც მიზნად ისახავს მეტი გამჭირვალობასა და თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფას:
 

  • კანონში შევიდა და ამოქმედდა რიგი ცვლილებები;
  • სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ამოქმედდა ახალი სერვისები, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების გამარტივებას და  უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაციის მეტ გამჭირვალობასა და ხელმისაწვდომობას.


სააგენტომ, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის მონიტორინგის მხარდამჭერ პროგრამასთან  და PMC Group-თან თანამშრომლობით, შეიმუშავა სააგენტოს გრძელვადიანი სტრატეგია 2013-2017 წლებისთვის.

დამატებით, სააგენტო განაგრძობს თანამშრომლობას მართვისა და მმართველობის განვითარების მხარდაჭერის პროგრამასთან (SIGMA), რის შედეგადაც SIGMA-სა და სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა შემდეგი სამუშაო შეხვედრები:

  • კონტრაქტის მართვის შესახებ, 2013 წლის 1-2 ოქტომბერი;
  • ელექტრონული კატალოგებისა და დინამიური ელექტრონული შესყიდვის სისტემის შესახებ, 2013 წლის 17-18 ოქტომბერი;
  • სახელმწიფო შესყიდვის დაგეგმვის შესახებ, 2013 წლის 12-13 დეკემბერი;
  • სახელმწიფო შესყიდვებში ტექნიკური სპეციფიკაციების შესახებ, 2014 წლის 9-10 იანვარი.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც ასევე მოიცავს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) ნაწილთან დაკავშირებულ 2015 წლის სამოქმედო გეგმას, საჯარო შესყიდვების სფეროში ითვალისწინებს შემდეგ პრიორიტეტებს:

  • ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, საკანონმდებლო დაახლოების ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის შემუშავების დაწყებას;
  • დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერებას (შემსყიდველი ორგანიზაციებისა და მიმწოდებლების ტრენინგების ჩატარების გზით)


სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ განახორციელა შემდეგი ღონისძიებები:

საკანონმდებლო დაახლოების იმპლემენტაციის ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის (Roadmap) შემუშავების დაწყება
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მოთხოვნით მოხდა „SIGMA“-ს (ევროკავშირისა და OECD-ს ერთობლივი ინიციატივა) ტექნიკური დახმარების ინიცირება, რაც ითვალისწინებს ყოვლისმომცველი სამოექმედო გეგმის შემუშავების მხარდაჭერას, სახელმწიფო შესყიდვების არსებული სისტემის, პრაქტიკის და კანონმდებლობის ანალიზს და რეკომენდაციების შემუშავებს შესაძლო საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების შესახებ, მათი ასოცირების შესახებ შეთანხმების ძირითად სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

2014 წელს დაიწყო ტექნიკური დახმარების იმპლემენტაცია, კერძოდ, პირველ ეტაპზე მიმდინარეობს სახელმწიფო შესყიდვების საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს ანალიზი ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვების ძირითად სტანდარტებთან და შესაბამის კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით.

ტექნიკური დახმარების ფარგლებში 2014 წლის ოქტომბერსა და დეკემბერში ჩატარდა შემდეგი სამუშაო შეხვედრები:
 

  • 2014 წლის 22 ოქტომბერს ჩატარდა სემინარი ევროკავშირის ახალი დირექტივების შესახებ. სემინარში მონაწილეობა მიიღეს, როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლებმა, ასევე სხვადასხვა სამინისტროების და პრემიერ-მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭოს აპარატის წარმომადგენლებმა;
  • 2014 წლის ოქტომბერ-დეკემბერში გაიმართა სამუშაო შეხვედრები, სადაც განხილულ იქნა ინსტიტუციური და საკანონმდებლო ხარვეზების ანალიზი.


საკანონმდებლო დაახლოების იმპლემენტაციის ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის შემუშავება მოითხოვს ევროკომისიასთან შეთანხმების შესაბამის დანართებზე მოლაპარაკებების განახლებას, რაც გამოიწვეულია ევროკავშირის შესაბამის კანონკანონმდებლობაში ცვლილებების შეტანით. 2014 წლის 2 დეკემბერს განახლდა ორმხრივი მოლაპარაკებები შეთანხმების საჯარო შესყიდვების თავის დანართებთან დაკავშირებით.

კანონმდებლობის ცვლილება

2014 წლის 25 სექტემბერს ცვლილება განხორციელდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში საჩივრის წარდგენისა და დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის კუთხით. ევროკავშირის შესაბამისი დირექტივების მოთხოვნის გათვალისწინებით, განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილება აღნიშნულ საბჭოში შესაძლებელია გასაჩივრდეს მისი მიღებიდან 15 დღის განმავლობაში. ცვლილების განხორციელებამდე კანონმდებლობა მსგავს ვადას არ ითვალისწინებდა. 

დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერება

შემსყიდველი ორგანიზაციების შესაბამისი თანამშრომლების (სატენდერო კომისიების წევრების და აპარატის) კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ამოქმედდა სასწავლო ცენტრი. სახელმწიფო შესყიდვების კურსის უნივერსალურობიდან გამომდინარე, სასწავლო კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც ახორციელებს სახელმწიფო სესყიდვებს ნებისმიერ შემსყიდველ ორგანიზაციაში და სურს აიმაღლოს კვალიფიკაცია; ასევე, იმ პირთათვის, რომლებიც, სამომავლოდ, გეგმავენ დასაქმდნენ შემსყიდველ ორგანიზაციაში, სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელ პოზიციებსა და თანამდებობებზე. 2014 წელს სასწავლო კურსი გაიარა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და საქართველოს რეგიონების სხვადასხვა შემსყიდველი ორგანიზაციის 92 თანამშრომელმა.

2014 წლის 19 სექტემბერს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ორგანიზებით და USAID EPI პროგრამის დახმარებით გაიმართა შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან და საქართველოში აკრედიტირებული საკონსულოებისა და საელჩოების სავაჭრო წარმომადგენლებთან. დაახლოებით 120 მონაწილე დაესწრო შეხვედრას. შეხვედრის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი მეწარმეების, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მეწარმეების, მოტივირება აქტიურად ჩაერთონ სახელმწიფო შესყიდვებში, გამჭვირვალე და სამართლიანი სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ასევე საჯარო შესყიდვების ბაზრის შესახებ ინფორმირება და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების გაცნობა კერძო სექტორისათვის. 

2014 წლის მაის-ივნისში გასვლითი შეხვედრები მოეწყო საქართველოს ხუთ რეგიონში შემსყიდველი ორგანიზაციების თანამშრომლებისათვის. სამუშაო შეხვედრების მიზანი იყო რეგიონებში შემსყიდველი ორგანიზაციების შესაბამისი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება, რეგიონების მიხედვით იდენტიფიცირებული ხშირად დაშვებული შეცდომების ანალიზი და პრაქტიკული და სამართლებრივი რეკომენდაციების გაწევა შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის. 

2014 წლის 14 ნოემბერს შეხვედრა გაიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლებს, სამშენებლო სექტორში მოქმედ კომპანიებს და შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის. სამუშაო შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ინფორმაციის მიღება სახელმწიფო შესყიდვებში უშუალოდ მონაწილე ორივე მხარისაგან - როგორც შემსყიდველი, ისე მიმწოდებელი ორგანიზაციებისგან, აგრეთვე სამშენებლო სექტორში შესყიდვების პროცესისას პრობელემების იდენტიფიცირება და სააგენტოს სათანადო რეკომენდაციების გაცნობა პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით.

სახელმწიფო შესყიდვების კვალიფიციურად ჩატარების, შემსყიდველი ორგანიზაციების შესაბამისი თანამშრომლების ცოდნისა და კომპეტენციის გაღრმავების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შეიმუშავა და USAID დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G3) პროგრამის დახმარებით გამოსცა მეთოდოლოგიური მითითებები სახელმწიფო შესყიდვების წინამოსამზადებელი ეტაპისათვის, კერძოდ: (1) შესყიდვების მოსამზადებელი ეტაპის წარმართვასთან, (2) საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან, (3) შესყიდვების ობიექტის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით. ასევე გამოიცა სახელწმიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მომხმარებლის სახელმძღვანელო, ხშირად დასმული შეკითხვების და პასუხების კრებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ და სპეციალური საინფორმაციო ბუკლეტი სააგენტოსა და სასწავლო ცენტრის თაობაზე.
 

2015 წლის პირველ ნახევარში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრში ჩატარდა ტრენინგები საქართველოს სახელისუფლებო ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შემსყიდველი ორგანიზაციების შესაბამისი თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. აღნიშნული  ტრენინგების 4 ნაკადის 12 სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი იყვნენ 14 სამინისტროს, საქართვეთველოს პარლამენტის, საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს იუსტიციის საბჭოს, ქ. თბილისის მერიის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სხვა სახელმწიფო უწყებებისა (სსიპ-ებისა და ააიპ-ების ჩათვლით) და თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები. 2015 წლის მაისის მონაცემებით, ჯამში მომზადდა 238 საჯარო მოსამსახურე, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 148 მოსამსახურე საქართველოს 71 მუნიციპალიტეტიდან და სახელმწიფო უწყებების 90 მოსამსახურე. 

2015 წლის 8 მაისს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მიღებით დაინტერესებული მიმწოდებლებისთვის გაიმართა სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი, რომელსაც ბიზნეს-ორგანიზაციების 45 წარმომადგენელი დაესწრო.  ტრენინგზე, გარდა სასწავლო ცენტრის ტრენერთა მიერ ჩატარებული ინტენსიური „სახელმწიფო შესყიდვების კურსისა“, საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკის სტანდარტულ სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებსა და  ელექტრონული შესყიდვების სისტემის მეშვეობით დაფინანსებულ პროექტებს. აღნიშნული ტრენინგი მსმენელთათვის სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ღონისძიებით დასრულდა.  

2015 წლი 26 ნოემბერს, ქ. თბილისში, სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და SIGMA-ს ორგანიზებით გაიმართა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესთან დაკავშირებული ნაწილის (DCFTA) საჯარო შესყიდვების თავით გათვალისწინებული საკანონმდებლო დაახლოების ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია. აღნიშნული გეგმა მოიცავს საქართველოში არსებული სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მომდევნო 7 წელზე გაწერილ ღონისძიებებს.