თავის მოკლე მიმოხილვა
შეთანხმება ადგენს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში იმ საერთაშორისო შეთანხმებების ადექვატური და ეფექტიანი განხორციელების ვალდებულებას, რომლის ხელმომწერებიც არიან საქართველო და ევროკავშირი, რაც მოიცავს ვმო-ს შეთანხმებას ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ (TRIPS). ამასთან, შეთანხმების მოთხოვნები ავსებს და დამატებით აკონკრეტებს “TRIPS“-ის შეთანხმების მხარეების უფლებებსა და ვალდებულებებს.
მხარეები ასევე განამტკიცებენ მათ ვალდებულებას ეფექტურად განახორციელონ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO/ისმოს) მიერ ადმინისტრირებული საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებსაც საქართველო უკვე მიერთებულია.
შეთანხმებაში მოცემულია ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული ის სავალდებულო სტანდარტები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შეთანხმების მუხლებით გათვალისწინებული ინტელექტუალური საკუთრების ყველა კატეგორია, როგორიცაა საავტორო და მომიჯნავე უფლებები, სასაქონლო ნიშნები, გეოგრაფიული აღნიშვნები (აღნიშნულ საკითხზე ევროკავშირთან უკვე გაფორმებულია შეთანხმება, რომელიც შესულია ძალაში 2012 წლიდან), დიზაინი, პატენტები, სამედიცინო პროდუქტების და მცენარეთა დაცვის საშულებების ბაზარზე განთავსების ნებართვის მისაღებად წარდგენილი მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ ნორმები.
შეთანხმება ასევე არეგულირებს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებულ პროცედურულ ნორმებს და განსაზღვრავს ამ მიმართულებით სასამართლო ორგანოების უფლებამოსილებებსა და მათ მიერ განსახორციელებელ უზრუნველყოფის ღონისძიებებს.
შეთანხმება ასევე მოკლედ განსაზღვრავს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საბაჟო თანამშრომლობას და ინფორმაციის ეფექტიანად გაცვლას. საბაჟო კუთხით ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების ვალდებულება მოცემულია საბაჟოს თავში და შესაბამის დანართში.
ვალდებულებები
საქართველო უნდა მიუერთდეს ე.წ. დოჰას დეკლარაციით განსაზღვრულ TRIPS-ის შეთანხმების ცვლილებას.
სარგებელი
საქართველოს კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაში მოვა ევროკავშირის კანონმდებლობასთან, რაც გულისხმობს ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა მფლობელთათვის მაღალი ხარისხის დაცვის უზრუნველყოფას. ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისა და აღსრულების ეფექტური სისტემის არსებობა შეთანხმებას მხრივ ხელს შეუწყობს ინოვაციური და შემოქმედებითი პროდუქტების წარმოებასა და კომერციალიზაციას.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70