ნათია თურნავა სასტუმროს ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა
22-12-2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატი ნათია თურნავა სასტუმრო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ კიდევ ერთხელ გააცნო ის რეგულაციები, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი წლის ღამეს იმოქმედებს.  

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, შრომითი ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვენეტაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი. 

ნათია თურნავას თქმით, კოვიდპანდემიის გამო წლევანდელ ახალი წელი განსხვავებულ რეჟიმში ჩატარდება და წინასაახალწლო პერიოდში მკაცრი შეზღუდვები არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოშიც მოქმედებს, რათა ახალი წელი ეპიდემიის წამახალისებელ ღონისძიებად არ იქცეს.  

„კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ, რათა პირადად გავაფრთხილოთ სასტუმრო ინდუსტრია, რომ საახალწლო ღამეს ნაკლები ღონისძიებით და რეგულაციების სრული დაცვით შეხვდნენ სტუმრებთან ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ამ გაფრთხილებას სასტუმროები მაქსიმალური პასუხისმგებლობით მიუდგებიან. მოგეხსენებათ, ზოგადად აკრძალულია ქვეყანაში კონცერტების და სხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარება. ამიტომ ტრადიციული, საკონცერტო ღონისძიებების ფონზე საახალწლო ვახშმები წელს აკრძალულია. პრაქტიკულად, იქნება საკმაოდ მკაცრი რეაგირება და ვიდრე იძულებული გავხდებით მკაცრი რეაგირება მოვახდინოთ, სჯობს წინასწარ გავაფრთხილოთ სასტუმრო ინდუსტრია და შევახსენოთ კანონმდებლობა" - აღნიშნა ნათია თურნავამ.