ნათია თურნავამ შანხაის იმპორტის საერთაშორისო ექსპოს ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა
04-11-2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჩინეთის ქალაქ შანხაის რიგით მეოთხე იმპორტის საერთაშორისო ექსპოს ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით, ცერემონიას უცხოელი მონაწილეების დიდი ნაწილი ონლაინ ფორმატში ჩაერთო.

შანხაის იმპორტის საერთაშორისო ექსპო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის პატრონაჟით 2018 წლიდან ტარდება და მასში მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს. ექსპოზე მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, წარადგინონ საკუთარი პროდუქცია და შეხვდნენ პოტენციურ ბიზნესპარტნიორებს.

აღსანიშნავია, რომ 2018-2019 წლებში, საქართველოს ბიზნესდელეგაცია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, ორჯერ მონაწილეობდა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე. მათ მიერ წარმოდგენილი პროდუქცია იყო დივერსიფიცირებული და მოიცავდა როგორც სურსათს, ასევე სამრეწველო ნაწარმს. 

ამასთან, გამოფენაზე 2019 წელს საქართველოს სტენდი ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარეს ექსპოს მონაწილე 190 ქვეყანას შორის. გამოფენამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ექსპორტის ზრდასა და საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.