ლევან დავითაშვილი თურქეთ-საქართველოს ბიზნესფორუმზე - „ჩვენებურები“ მოხსენებით გამოვიდა
10-06-2022

„თურქული ბიზნესწრეების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ნდობაზე, რომელიც გამოწვეულია საქართველოში მიმდინარე რეფორმებით და ზოგადად, ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოთი“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თურქეთ-საქართველოს ბიზნესფორუმზე „ჩვენებურები“ სიტყვით გამოსვლისას. 

ბიზნესფორუმში მონაწილეობა მიიღეს ბიზნესმენებმა თურქეთიდან, რომელთა დიდი ნაწილიც ქართული დიასპორის წარმომადგენლები არიან. ფორუმი გახსნა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა. ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიესალმნენ თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი და საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან თურანი. ბიზნესფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ისტორიული დიასპორის ის წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და ბიზნესურთიერთობების განვითარებაზე 

ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისა აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას უკვე მრავალი წელია, განსაკუთრებით ახლო ურთიერთობები აკავშირებს, რაც თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ორ მეზობელ ქვეყანას შორის.

მისი თქმით, 2021 წლის მონაცემებით, თურქეთიდან საქართველოში ინვესტიციები 65 მლნ დოლარს შეადგენდა და თურქეთი მე-4 ადგილზე იყო საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების კუთხით, რაც ხაზს უსვამს საქართველოს მიმზიდველობას თურქულ ბიზნესწრეებში.

ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა თურქეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ძალიან მტკიცე მხარდაჭერისა და ხელშეწყობისათვის. ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა თურქეთის მხარეს პანდემიასთან ბრძლოს პრიობებში აღმოჩენილი დახმარებისთვის.

ვიცე-პრემიერის შეფასებით, საქართველოს საინვესტიციო გარემო არასდროს ყოფილა ისეთი კონკურენტული და დივერსიფიცირებული, როგორც დღესაა. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და თურქეთის მთავრობების ნაყოფიერი მუშაობით მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები გაგრძელებას პოვებს უკვე ბიზნესებს შორის ეფექტიანი კავშირების დამყარებასა და ახალი, ამბიციური და ინოვაციური ურთიერთსასარგებლო პროექტების განხორციელებაში. 

„აღსანიშნავია ისეთი მიმართულებები, რომლებიც კარგადაა შესწავლილი და გამოკვეთილია, რომ აქ არსებობს ბიზნესის კეთების საკმაოდ დიდი ინტერესი. ესენია: საინფორმაციო ტექნოლოგიების სფერო, პროცესების აუთსორსინგი, ესენია ძალიან დინამიური, სწრაფად მზარდი მიმართულებები. მნიშვნელოვანი შესაძლებლობები გვაქვს ლოგისტიკისა და განახლებადი ენერგიის მიმართულებით, ასევე ელექტრონაწილების, ავტონაწილების, ტანსაცმლისა და სხვა ტიპის წარმოების მიმართულებით. ამასთან, ინვესტორებს ვთავაზობთ სხვადასხვა სახის წამახალისებელ მექანიზმებს, როგორიცაა სესხის თანადაფინანსება, თანაუზრუნველყოფა, პირდაპირი ინვესტიციის განხორციელებისას საგრანტო მხარდაჭერა, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის შესაბამისად, შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი, და სხვ,“ - განაცხადა მინისტრმა.  

თავის გამოსვლაში, ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციის ამოქმედებას, რაც, მისი შეფასებით, დამატებით იმპულსს შესძენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას.  

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს შესაძლებლობა წაახალისებს ინვესტიციებს ორივე მხრიდან და რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს, ისე თურქეთის ექპორტის კიდევ უფრო ზრდას. ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ორი ქვეყნის კერძო სექტორმა მაქსიმალურად ისარგებლოს აღნიშნული უნიკალური შესაძლებლობით და ერთ-ერთ ყველაზე დიდ, ევროკავშირის ბაზარზე ჰქონდეს კონსოლიდირებული, კოორდინირებული წვდომა,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. 

ოფიციალური მისალმებების შემდეგ, პრეზენტაციები საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და სამეწარმეო შესაძლებლობებისა და ქართულ - თურქული ეკონომიკური თანამშრომლობის წარმატებული შედეგების შესახებ გააკეთეს საქართველოსა და თურქეთის საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, მათ შორის, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ და სხვ.
 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2021 ©