ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი პროექტ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და კურორტის განვითარების გეგმა გააცნო.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბიზნესს პროექტის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
ლევან დავითაშვილის თქმით, წყალტუბოთი დაინტერესება საკმაოდ დიდია და მისი რეაბილიტაციის პროექტი წარმატებითაც განხორციელდება.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია წყალტუბოს კურორტის აღდგენა და ახალი სიცოცხლის დაბრუნება. დღევანდელ შეხვედრაზე ბიზნესს სრული ინფორმაცია მივაწოდეთ წყალტუბოს კურორტის განვითარებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს ხედვის, ასევე მისი პოტენციალის შესახებ. შეხვედრის მონაწილეებთან ერთად დეტალურად ვიმსჯელეთ და ბევრი საინტერესო მოსაზრება და წინადადება მივიღეთ ბიზნესის მხრიდან “, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შეხვედრის შემდეგ.
კურორტის აღდგენის გენგეგმის ფარგლებში აუქციონზე გასაყიდად გამოვიდა წყალტუბოში მდებარე 14 სანატორიუმი, რომელთა ღირებულება დაახლოებით, 50 მლნ ლარია. ამასთან, კურორტში დაახლოებით 500 მლნ ლარის ოდენობის კერძო ინვესტიცია განხორციელდება.
პროექტის თანახმად, სახელმწიფო ათეულობით მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას იღებს, რათა წყალტუბო საერთაშორისო დონის სპა-კურორტად იქცეს.
წყალტუბოს მასშტაბური პროექტის განხორციელება შექმნის 3 200-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს, საწოლფონდს 6 000-ზე მეტი ადგილით, მოიზიდავს 500 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიციას და მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი, მარიამ ქვრივიშვილი, ნინო ენუქიძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი დუგლაძე, კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი იოანე მენაბდე და 40-მდე მსხვილი ბიზნეს კომპანიის წარმომადგენელი.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70