ლევან დავითაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ეკონომიკისა და დაგეგმვის მინისტრს შეხვდა
22-12-2022

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს ეკონომიკისა და დაგეგმვის მინისტთან ფაისალ ალ იბრაჰიმთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა. შეხვედრა საუდის არაბეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისეთ სექტორებში, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ტურიზმი, სამოქალაქო ავიაცია, საზღვაო ტრანსპორტი, ენერგეტიკა, უძრავი ქონება, სამთო-მოპოვებითი სექტორი და სხვ. აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში ორმხრივი ეკონომიკური კავშირების განვითარების ტენდენციის მიუხედავად, არსებობს დიდი პოტენციალი, რომელსაც  შეუძლია ეკონომიკური სარგებლის მოტანა როგორც საქართველოსთვის, ისე საუდის არაბეთისთვის.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დააყენა ერთობლივი ეკონომიკური კომისიის ჩამოყალიბების საკითხი, რომელიც ხელს შეუწყობს ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.

ასევე საუბარი წარიმართა თანამშრომლობაზე მრავალმხრივ რეგიონალურ ფორმატში. მათ შორის, ხაზი გაესვა არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე კონსულტაციების დაწყების მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობაზე ენერგეტიკის სექტორში. ლევან დავითაშვილმა თავის კოლეგას განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების წახალისების სამთავრობო სქემა გააცნო, რომელიც მიმართულია დარგში ინვესტიციების მოზიდვისა და გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობა-ამოქმედებისკენ. მისი თქმით, საქართველოს აქვს განახლებადი ენერგიის წყაროების მნიშვნელოვანი პოტენციალი, რომელთა ათვისება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მან ასევე ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა ენერგოკაბელის მეგა პროექტზე, რომელიც ევროკავშირისა და სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ერთმანეთს დააკავშირებს.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა თანამშროლობა ტურიზმის სექტორში, რაზეც სტატისტიკული მონაცემებიც მეტყველებს. 2022 წლის 11 თვის მონაცემებით, საუდის არაბეთიდან 117,190 ვიზიტორი ჩამოვიდა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდზე 100 პროცენტით მეტია. აღინიშნა, რომ მხარეები მიესალმებიან თანამშრომლობის გაღრმავებას ტურიზმის სფეროში. ასევე ყურადღება გამახვილდა გაზრდილ ავიამიმოსვლაზე საქართველოსა და საუდის არაბეთის ქალაქებს შორის, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს თანამშრომლობას ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021