ლევან დავითაშვილი საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით წარდგა
22-09-2023

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობის შესახებ დეპუტატთა კითხვებს უპასუხა.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, 2022 წელს გაწეულ იქნა მნიშვნელოვანი სამუშაოები კვლევების გასაახლებლად, რადგან რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვალა და აქედან გამომდინარე, დაზუსტდა ბევრი მონაცემი, რომ ანაკლიის პორტის პროექტი ყოფილიყო სანდო პოტენციური პარტნიორებისთვის. მისი თქმით, შესარჩევი პროცესი განისაზღვრა კერძო და საჯარო პარტნიორობის შესახებ საქართველოს ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც სრულად თანხვედრაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან. 

„გვყავს მოწვეული ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Maritime & Transport Bussiness Solutions (MTBS), ასევე პროცესის მაღალ დონეზე წარმართვისთვის ტექნიკური კონსულტანტი - კომპანია PORT consultance Rotrerdam BV (PCR) და ასევე ძალიან ცნობილი საერთაშორისო იურიდიული კომპანია Squire Patton Boggs). ამ სამ კომპანიასთან ერთად დავიწყეთ კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი. შეიქმნა უწყებათაშორისი სამთავრობო კომისია. ოთხი სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფისგან იყო წარმოდგენილი განაცხადი, სადაც დასაზუსტებელი იყო გარკვეული ტექნიკური საკითხები, ამისთვის მათ დამატებით მიეცათ ერთი თვე და საბოლოოდ, უწყებათაშორისმა კომისიამ, საკონსულტაციო კომპანიების რჩევების გათვალისწინებით, შემდეგი ეტაპისთვის შეარჩია ორი პრეტენდენტი - შვეიცარულ-ლუქსემბურგული კომპანია და ჩინურ-სინგაპურული. შესაბამისად, მომდევნო ეტაპზე გვეყოლება ორი პრეტენდენტი, რომლებთანაც რამდენიმე თვის განმავლობაში გვექნება მოლაპარაკებები, რომ მივიღოთ მათი მხრიდან წინადადებები - ამ წინადადებების კონკურენტუნარიანობასა და ხარისხზეა დამოკიდებული, საბოლოოდ ვინ იქნება კერძო პარტნიორი“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. 

მინისტრის განმარტებით, კვალიფიცირებულ კანდიდატებს მიეცემათ რამდენიმეთვიანი ვადა ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების წარმოსადგენად, რომელთა შეფასების შედეგად კომისია გამოავლენს გამარჯვებულს და ეკონომიკის სამინისტრო დაიწყებს მოლაპარაკებებს კონცესიის ხელშეკრულებასა და პარტნიორთა შეთანხმებაზე.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, ანაკლიის ნავსადგურის პროექტში სახელმწიფოს საკონტროლო წილი ექნება, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული საქართველოს ინტერესები. „ანაკლიის პორტის წილების კონსტრუქცია იქნება ასეთი - 51 პროცენტის მფლობელი იქნება საქართველოს სახელმწიფო, ხოლო 49 პროცენტის - კერძო პარტნიორი. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არც ერთი რომელიმე სახელმწიფოს ინტერესი და გავლენა არ დომინირებდეს საქართველოს  ინტერესებზე და ეს პროექტი, ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვანი, კრიტიკული ინფრასტრუქტურული პროექტი ემსახურებოდეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკონომიკის ინტერესებს“.  

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით უახლოეს რამდენიმე კვირაში სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება, რომელსაც სახელმწიფო საწარმო „ანაკლიის  საზღვაო ნავსადგური“ წარმართავს და შეირჩევა მშენებელი კომპანია. რაც შეეხება ვადებს, ვიცე-პრემიერის განცხადებით, ნავსადგურის ოპერირების დაწყება უნდა მოხდეს საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიის (კონცესიონერის) მიერ მშენებლობის დაწყებიდან 3 წლის ვადაში. მშენებლობის დაწყების ვადად განსაზღვრულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვე. მინისტრის განცხადებით, ამ პერიოდში ყველა მოსამზადებელი სამუშაო დასრულებული იქნება და მშენებელი კომპანია იურიდიულად მზად იქნება სამუშაოების დასაწყებად.