ლევან დავითაშვილმა ლისაბონში ტექნოლოგიურ სამიტში Web Summit 2023 მიიღო მონაწილეობა
14-11-2023

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ლისაბონში გამართულ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებას Web Summit 2023-ს დაესწრო. ლევან დავითაშვილმა სამიტის ფარგლებში პანელურ დისკუსიაში „Innovate or regulate“ მიიღო მონაწილეობა.

„კერძო სექტორთან ერთად აქტიურად მიმდინარეობს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი საქართველოში, რაც საშუალებას იძლევა, მთავრობა იყოს უფრო ღია, ხოლო კერძო სექტორი იყოს არა მხოლოდ მომსახურების სერვისის კონტრაქტორი, არამედ ინოვაციური პროცესის ნაწილი, რომ უფრო მეტი ღირებულება შეიქმნას ჩვენს ქვეყანაში მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის. ეს უზრუნველყოფს მეტ კომფორტს, ხელმისაწვდომობას და უკეთეს სამუშაო პროცესს ჩვენი ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

Web Summit 2023 მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიებაა, რომელსაც 160 ქვეყნიდან 70 000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. სამიტზე, სადაც მთელი მსოფლიოს ტექნოლოგიური კომპანიები იყრიან თავს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, ქართული კომპანიებიც მონაწილეობენ.

ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ციფრული ტრანსფორმაციისადმი, ასევე აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის ტექნიკური ეკოსისტემის გლობალურ სტანდარტებთან შესაბამისობა. 

„ჩვენ ვაშენებთ ცოდნაზე ორიენტირებულ ეკონომიკას და ვფიქრობ, Web Summit ეფექტური პლატფორმაა ერთმანეთთან ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად. კარგად ვაცნობიერებთ, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მჭიდრო პარტნიორობით, საერთო ხედვის ჩამოყალიბების ხელშეწყობით და თანამშრომლობის კულტურის განვითარებით ჩვენ შეგვიძლია ერთობლივად გავუხსნათ გზა ტრანსფორმაციულ ცვლილებებს კრეატიულობისა და რესურსების სიმდიდრისკენ, რაც ყველასთვის პროგრესისა და კეთილდღეობის მომტანია“ - აღნიშნა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს და მიესალმება ინოვაციურ გადაწყვეტილებებს კერძო სექტორისგან. 

„ჩვენ ვაღიარებთ იმ ფასდაუდებელ წვლილს, რომელიც კერძო საწარმოებს შეუძლიათ შემოგვთავაზონ გამოწვევების დასაძლევად, ასევე, მდგრადი ზრდისა და განვითარების შესაძლებლობების შესაქმნელად“ -  განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ღონისძიების მონაწილეებს გააცნო ის ინიციატივები, მათ შორის საგადასახადო შეღავათები საერთაშორისო IT კომპანიებისთვის, რომელთა შედეგად საქართველოში შემოვიდა 100-ზე მეტი IT კომპანია და დასაქმდა 10 000-ზე მეტი ადგილობრივი თუ რეგიონალური სპეციალისტი. მისი შეფასებით, საქართველო ქმნის მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ბიზნესგარემოს, რაც საერთაშორისო რეიტინგებითაც დასტურდება.