ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატი ლევან დავითაშვილი, პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
თავის გამოსვლაში ლევან დავითაშვილმა დეპუტატებს მთავარი ეკონომიკური მაჩვენებელები გააცნო, ასევე ისაუბრა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტებისა და ასპექტების, სხვადასხვა სექტორში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.
მან ასევე აქცენტები გააკეთა დარგობრივ რეფორმებსა და ადგილობრივი წარმოების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილ პროექტებზე.
„14 დეკემბერს ჩვენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, რაც ნიშნავს, რომ არსებითად იცვლება საქართველოს განვითარების სურათი და პერსპექტივები. ეს არის ახალი ეტაპის დასაწყისი ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ცხოვრების ყველა ასპექტს და სფეროს მოიცავს, რა თქმა უნდა, მათ შორის ეკონომიკასაც - ეს არის ახალი შესაძლებლობები, ახალი განვითარება და პროექტები, გაზრდილი ინვესტიციები და შესაბამისად, მეტი კეთილდღეობა მთელი ქვეყნისთვის“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა.
„სწორი, სწრაფ განვითარებასა და ზრდაზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკა, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო და ბოლო წლებში არსებული ეკონომიკური პროგრესი, ასევე მიმდინარე დარგობრივი რეფორმები მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. დარწმუნებული ვარ, ამ პროცესს ჩვენ ღირსეულად გავივლით და სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობიდან მისი სრულფასოვანი წევრის რანგში გადაინაცვლებს“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საქართველომ არამხოლოდ შეძლო პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური გამოწვევების გამკლავება, არამედ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს ფართო რეგიონის, ევროპის და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის - გასულ წელს ეკონომიკურმა ზრდამ 7% შეადგინა. ამასთან, ლევან დავითაშვილის პროგნოზით, 2024 და მომდევნო წლებში ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება და ერთ სულ მოსახლეზე მშპ 2024 წლისთვის 23100 ლარს, 8500 აშშ. დოლარს გადააჭარბებს.
„2023 წელს საქონლის ექსპორტი 9.1 პროცენტით გაიზარდა და რეკორდული 6.1 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 17.3%-ით გაიზარდა (608.7 მლნ. აშშ. დოლარით) და ასევე რეკორდულ მოცულობას - 4.1 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა. ამასთან, 2023 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით გადააჭარბა. მდგრად დონეზე ნარჩუნდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა და საქართველოს მშპ-სთან მიმართებით აქვს რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ლევან დავითაშვილმა აქცენტი გააკეთა - გასულ წელს უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა. წინასწარი შეფასებით, 2023 წელს დაფიქსირდება უმუშევრობის მინიმალური დონე, ასევე რეკორდული იქნება დასაქმების დონეც. მინისტრობის კანდიდატი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი ორიენტირი იქნება სიღარიბის შემცირება, დასაქმების ხელშეწყობა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება.
ამასთან, ლევან დავითაშვილის განცხადებით, კერძო სექტორის, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, ასევე მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა ეკონომიკის ზრდის კუთხით მიღწეული პროგრესის მიუხედავად, კვლავ რჩება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. ეკონომიკის სამინისტროს მიერ ასევე აქტიურად გაგრძელდება მუშაობა მიკრო და მცირე მეწარმეობის კონკურენტუნარიანობის და ექსპორტის ხელშეწყობის და ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპების საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერის მიზნით.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობის კიდევ ერთი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს გარდაქმნა რეგიონში მრავალგანზომილებიან ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ჰაბად და ამ კუთხით არსებული რეალური პოტენციალის ხელშეწყობა. მისი თქმით, ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, ასევე რკინიგზის მოდერნიზაციის და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტები, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვისთვის საჭირო დროს და შესაბამისად, ქვეყნის გავლით დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვის წინაპირობაა. ასევე მიმდინარეობს მუშაობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტზე.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმიანობა მომავალშიც მიმართული იქნება ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდისკენ. რაც მთავარია, უახლოეს წლებში ჩვენი საქმიანობის მთავარი კურსი და ორიენტირი საქართველოს ევროკავშირთან სწრაფი და ყოვლისმომცველი სავაჭრო-ეკონომიკური ინტეგრაცია იქნება“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70