ლევან დავითაშვილი კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
14-03-2024

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ლევან დავითაშვილმა ქვეყნის ეკონომიკურ სურათში კაპიტალის ბაზრის მნიშვნელობაზე, მისი განვითარების მთავარ ასპექტებსა და ამ პროცესში სახელმწიფოს როლზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე  ისაუბრა. 

„ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით და „შუა დერეფნის“ როლის მორგებით, საქართველოს ამბიცია აქვს, ფინანსური მომსახურების რეგიონალური ცენტრი გახდეს. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს რეგიონში საშუალო კლასისა და დოვლათის ზრდას შეუძლია მეტი გრძელვადიანი კაპიტალის მობილიზება" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თავის გამოსვლაში ქვეყნის მიმდინარე მაკროეკონომიკური მდგომარეობა და მთავარი ტენდენციები შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული სტრუქტურული რეფორმების და ფართო ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად საქართველოს ეკონომიკამ სტაბილურობა შეინარჩუნა კოვიდ-პანდემიისა და რეგიონში გეოპოლიტიკური კრიზისის დროს. შედეგად, პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებთ, საქართველოს მშპ-ს ორნიშნა ზრდა აქვს ბოლო წლების განმავლობაში,  სწორი მონეტარული პოლიტიკის შედეგად პანდემიის შემდეგ ინფლაცია სწრაფად დასტაბილურდა, ხოლო უმუშევრობის დონე ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. 

რაც შეეხება კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის საჭირო მაკროეკონომიკურ ტენდენციებს, ლევან დავითაშვილის შეფასებთ, ყველა პარამეტრი არსებობს იმისთვის, რომ კაპიტალის ბაზარი გააქტიურდეს, ამ პროცესის მხარდასაჭერად კი მთავრობა შესაბამის პოლიტიკას ატარებს „ასევე ვითარდება ორი დიდი მაკროეკონომიკური ტენდენცია, რომელიც მოითხოვს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებას. საქართველოს ეკონომიკა განიცდის მნიშვნელოვან სტრუქტურულ ტრანსფორმაციას, ერთის მხრივ, სახეზეა გრძელვადიანი შიდა კაპიტალის დაგროვების ტენდენცია, რომელიც გამოწვეულია საპენსიო და სადაზღვევო რეფორმებით და მეორე მხრივ, იზრდება მოთხოვნა გრძელვადიან კაპიტალზე, რომელიც გამოწვეულია ჩვენი განვითარების პოლიტიკით. ამ ორი მიმდინარე ტენდენციის დასაკავშირებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კაპიტალის გრძელვადიანი განაწილების ეფექტური მექანიზმების შემუშავება. სწორედ ამ მიზნის მიღწევა არის საქართველოს მთავრობის მთავარი მიზანი კაპიტალის ბაზრის რეფორმის ფარგელბში“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

„თი-ბი-სი კაპიტალის“ მიერ ორგანიზებულ კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციაში საჯარო და კერძო, მათ შორის საერთაშორისო საინვესტიციო საბანკო სექტორის, საფინანსო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები მონაწილეობენ. კონფერენციაზე განიხილება კაპიტალის ბაზრების მიმდინარე აქტუალური საკითხები და ტენდენციები და განვითარების სურათი და პერსპექტივები როგორც ქვეყნის, ისე რეგიონულ და გლობალურ ჭრილში. ლევან დავითაშვილის შეფასებით, ღონისძიება დროულია და მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით, ბოლო პერიოდში კი ეს მთავრობის სტრუქტურული რეფორმების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მიმართულებაა. 

„ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენ ძირითადად ვაუმჯობესებდით ჩვენს შესაბამის კანონმდებლობას, რათა შეგვექმნა კაპიტალის ბაზრისათვის საჭირო მდგრადი და განჭვრეტადი სამართველბრივი გარემო რაც ასევე აუცილებელია სხვადასხვა ინსტრუმენტების გაჩენისათვის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის და ჩვენი ინვესტორებთა ბაზის დივერსიფიკაციისათვის. მივიღეთ ახალი საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონი და დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი, ასევე შევიმუშავეთ სეკურიტიზაციისა და იპოთეკით დაცული ობლიგაციების მარეგულირებელი ჩარჩოები. ვფიქრობთ, ჩვენი მხარდაჭერა უნდა გასცდეს საკანონმდებლო რეფორმების ფარგლებს და ბაზარს სხვადასხვა ინტერვენციებითაც უნდა დავუჭიროთ მხარი. მიმდინარე წლიდან ჩვენი სააგენტოების მეშვეობით დავნერგავთ სხვადასხვა ინსტრუმენტებს - როგორც ფასიანი ქაღალდების გამოშვების, ასევე საინვესტიციო ფონდების ზრდის მხარდასაჭერად“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.