საქართველო მსოფლიო ბანკის 2024 წლის რეიტინგში "ბიზნესისთვის მზაობა"(B-READY) პირველ სამეულშია 
04-10-2024

მსოფლიო ბანკის 2024 წლის რეიტინგში "ბიზნესისთვის მზაობა"(B-READY) საქართველო, 50 ქვეყანას შორის, სინგაპურთან და ესტონეთთან ერთად პირველ სამეულშია. 

აღნიშნული „B-READY“ ახალი რეიტინგით ჩანაცვლდა მსოფლიო ბანკის „Doing Business“-ის რეიტინგი, რომელშიც საქართველო მე-7 პოზიციას იკავებდა.  

საყურადღებოა, რომ საქართველომ „B-READY“-ში გადაუსწრო ჰონკონგსა და ახალ ზელანდიას, რომლებიც „Doing Business“-ის რეიტინგში  საქართველოს უსწრებდნენ.

B-READY-ის რეიტინგის მიზანია კერძო სექტორის განვითარებისთვის ბიზნეს გარემოს რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასება. მისი ინდიკატორები აერთიანებს კომპანიის სასიცოცხლო ციკლის სამივე ეტაპს: ბიზნესის დაწყება, ბიზნესის ოპერირება/გაფართოება და ბიზნესის დახურვა. 

საქართველო 10-დან 7 ინდიკატორში მსოფლიოს პირველ ათეულშია. რეიტინგში თითოეული ინდიკატორი სამი ძირითადი მიმართულებით ფასდება, ესენია:  „მარეგულირებელი ჩარჩო“, „საჯარო სერვისები“ და „ოპერაციულ ეფექტიანობა“. საქართველო "ოპერაციულ ეფექტიანობაში" მსოფლიო რეიტინგში მე-2 ადგილს იკავებს, „მარეგულირებელი ჩარჩოს“ მხრივ ქვეყანა მე-3 ადგილზეა, ხოლო „საჯარო სერვისებში“ - მსოფლიოში მე-14 პოზიციაზეა.

რეიტინგი 3 წელი იქნება საპილოტე რეჟიმში. საქართველო, პირველივე საპილოტე 2024 წელს იქნა შეყვანილი შესაფასებელ 50 ქვეყანას შორის. მეორე საპილოტე 2025 წელს აღნიშნულ 50 ქვეყანას დაემატება 62, ხოლო მესამე საპილოტე -  2026 წელს დაემატება 72 და ჯამში 184 ქვეყანა შეფასდება.