გენადი არველაძე სიჩუანის პროვინციის მთავრობის დელეგაციას შეხვდა
07-10-2024

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის პროვინციის მთავრობის დელეგაციას  შეხვდა.  

შეხვედრას ასევე დაესწრო სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გივი ზედელაშვილი. 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ურთიერთობას როგორც ორმხრივ, ისე გლობალურ პლატფორმებზე.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ურთიერთობის გაღრმავებაზე ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის, ორმხრივი ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვ. აღინიშნა, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირების გამყარებაში. 

აქცენტი გაკეთდა ასევე ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმის დაწესებამ გაზარდა ჩინეთსა და საქართველოს შორის ვიზიტორების რაოდენობა - სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, ჩინეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა 160%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ითქვა, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ტურისტული ბაზარია. ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველო დაინტერესებულია ჩინეთთან პირდაპირი ავიარეისებისა და მიმართულებების დივერსიფიკაციით, რაც გაზრდის ამ ქვეყნის ტურისტულ ნაკადებს. 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე შუა დერეფნის ერთობლივი პოპულარიზების მიმართულებით, რაც გაზრდის აღნიშნული სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობას. ყურადღება გამახვილდა პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის ბოლო ვიზიტზე ჩინეთში, რომლის დროსაც ხელი მოეწერა „ურთიერთგაგების მემორანდუმს ჩინეთ-ევროპის სარკინიგზო ექსპრესისთვის სატრანსპორტო დერეფნების, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შუა დერეფანი განვითარების შესახებ“. 

შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა შემდგომ თანამშრომლობაზე განახლებადი ენერგეტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ინვესტიციების მოზიდვისა და სხვა სექტორებში.