პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს რკინიგზის სისტემის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
„ძვირფასო რკინიგზელებო, გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღეს! საქართველოს რკინიგზა უკვე 152 წელს ითვლის - 1872 წლის 10 ოქტომბერს თბილისიდან ფოთის მიმართულებით პირველი მატარებელი დაიძრა და მასთან ერთად ქვეყნისთვის ამ სტრატეგიული დარგის ისტორიაც დაიწყო. საუკუნენახევრის განმავლობაში რკინიგზა საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჯაჭვის უმნიშვნელოვანესი რგოლია, ამასთან, ის თაობების ცხოვრების ნაწილი გახდა.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ჩვენი ქვეყნის სარკინიგზო ქსელის, როგორც მთელი რეგიონის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის საკვანძო რგოლის ფუნქცია და მნიშვნელობა, განსაკუთრებით დღესდღეობით ევროპა-აზიის დამაკავშირებელ მარშრუტებზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით. მიუხედავად უამრავი გამოწვევისა, საქართველოს რკინიგზამ შეძლო გლობალურ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ქსელში წარმატებით ინტეგრირება და ამით განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა ჩვენს ქვეყანაზე გამავალ ევრაზიული დერეფნის ისტორიულ ფუნქციას. ეს ყველა რკინიგზელის საერთო, გუნდური წარმატებაა, თითოეული თქვენგანის მიერ წლების განმავლობაში გაწეული ერთობლივი ძალისხმევის შედეგი, საქმეში ჩადებული უდიდესი შრომა და პასუხისმგებლობა, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით“ - ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მისალოც ტექსტში.
ამასთან, ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, რომ ახალი გამომწვევები ყოველთვის ახალი სტიმულია წინსვლისა და განვითარებისთვის, და საქართველოს რკინიგზელები ამ პროცესს ღირსეულად, წარმატებით ართმევენ თავს, რაზეც შემდეგი მაჩვენებელიც მეტყველებს: 2024 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოს რკინიგზით ტრანზიტის რეჟიმში გადაზიდული ტვირთების რაოდენობა +5.4% შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან.
„სწორედ ამიტომ კომპანიის მთავარი ღირებულება იყო, არის და იქნება თითოეული რკინიგზელი, ვინც ქმნის ხარისხიან პროდუქტს, სერვისს, კომპანიის რეპუტაციას და საკუთარი წვლილი შეაქვს რკინიგზის განვითარების საქმეში. საქართველოს რკინიგზა აგრძელებს პროგრესისკენ სვლას და ამით საკუთარი წვლილის შეტანას საქართველოს ეკონომიკის განვითარების პროცესში.
დაბოლოს, აუცილებლად აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზა ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია - მის სისტემაში 12 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, რაც ნიშნავს ამდენივე ოჯახის სტაბილურ და ღირსეულ ცხოვრებას. თითოეულ თქვენგანს კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას, მუდმივ წინსვლასა და განვითარებას!“ - აღნიშნავს პირველი ვიცე-პრემიერი მილოცვის წერილში.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70