ლევან დავითაშვილი: „თბილისის მშრალი პორტის” პროექტი მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ „შუა დერეფნის“ მარშრუტს დიდი პოტენციალი აქვს და სწორად ვითარდება“
16-10-2024

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „თბილისის მშრალი პორტის” პროექტის პრეზენტაციის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას ასევე დაესწრო არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი აჰმედ ბინ ალი ალ საიეღი, რომელიც კომპანია „აბუ დაბი პორტს გრუპის“ (AD Ports Group) თბილისში მყოფ დელეგაციას ხელმძღვანელობს.

ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკური თანამშრომლობის და ამ პროცესში მასშტაბური პროექტების განხორციელების პერსპექტივებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილმა განსაკუთრებული აქცენტი „შუა დერეფნის“ სატრანსპორტო-ლოგისტიკური მარშრუტის განვითარების მნიშვნელობაზე გააკეთა. 

„ჩვენთვის არაბთა გაერთიანებული საამიროებთან ეკონომიკური თანამშრომლობა მეტად პრიორიტეტულია. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ხელი მოაწერა ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებას და ეს  არის მნიშვნელოვანი საფუძველი, რომელიც მომავალში კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს ეკონომიკურ კავშირს. ჩვენთვის ეკონომიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროა, სადაც ბოლო წლებში მნიშვნელოვანი აქტიურობა გვაქვს. მხოლოდ მიმდინარე წლის რამდენიმე თვეში ტვირთების გადაზიდვების 10%-იანი ზრდა გვქონდა, ჩვენს პორტებში დაახლოებით 0,5 მილიონ კონტეინერამდე უკვე დამუშავდა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

„აბუ დაბი პორტს გრუპის“ (AD Ports Group) დელეგაცია სახელმწიფო მინისტრის ხელმძღვანელობით თბილისში სწორედ „მშრალი პორტის” პროექტის განხილვის მიზნით იმყოფება, პროექტის პრეზენტაციას დღეს არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაციის წევრებთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი დაესწრო. 

„თბილისის მშრალი პორტი“ თანამედროვე, ინტერმოდალურ ლოგისტიკურ ცენტრს წარმოადგენს - ბათუმისა და ფოთის პორტების გაგრძელებას, რომელიც ემსახურება მათ, აკავშირებს პორტებსა და ლოგისტიკურ ობიექტებს. ის ფუნქციონირებას უკვე მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყებს და დასავლეთ აზიის წარმოების ცენტრებს აღმოსავლეთ ევროპის სამომხმარებლო ბაზრებთან  „შუა დერეფნის“ საშუალებით დააკავშირებს - საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ყაზახეთის როგორც საზღვაო, ისე „მშრალი პორტების“ ქსელის გამოყენებით.  

„მშრალი პორტი“ თბილისის აეროპორტიდან 6 კმ-ში, 283,000 კვ.მ ფართობზეა განლაგებული, დაგეგმილია A (9,800 m2) და B (2,500 m2) კლასის სასაწყობე სივრცეების მოწყობა. ობიექტის წლიური გამტარუნარიანობა 200000 TEU-მდეა გათვალისწინებული. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია „მშრალი პორტის“ ტერიტორიის მოპირკეთება და ოფისის მშენებლობა, ასევე B კლასის საწყობის, მექანიზაციის შენობის და რკინიგზის მშენებლობა. 

„შუა დერეფნის მარშრუტი უფრო და უფრო აქტუალური ხდება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო ინვესტორებთან თანამშრომლობაზე და უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებზე, ხაზს ვუსვამთ ხოლმე ხარისხიან ინვესტიციებს. ახლა სწორედ ასეთი ინვესტიცია ხორციელდება, რაც პირდაპირ კავშირში და სრულადაა თანხვედრაში ჩვენს პოლიტიკასთან და პრიორიტეტთან, რომელიც „შუა დერეფნის“ ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს იმისთვის, რომ მისი კონკურენტუნარიანობა გლობალურად გაიზარდოს. აქედან გამომდინარე, ამ პროექტით პროფესიონალი ოპერატორების საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვანი სიგნალია ტვირთმფლობელებისთვის და სხვადასხვა პარტნიორი მხარისთვის, რომ ამ მარშრუტს დიდი პოტენციალი აქვს და სწორად ვითარდება“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

AD Ports Group-მა „თბილისის მშრალი პორტის“ შეძენის პროცესის დასრულების შესახებ ცოტა ხნის წინ განაცხადა - შედეგად ჯგუფი  60%-იანი წილის მფლობელი და მთავარი პარტნიორი გახდა. ახალ ლოგისტიკურ ცენტრს AD Ports Group-ის ლოგისტიკური კლასტერი მართავს. კომპანიამ „თბილისის მშრალი პორტის“ პროექტში ამ ეტაპისთვის 16 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა, პროექტში მის განვითარებასთან ერთად კიდევ დამატებით ინვესტიციები ჩაიდება.