ნათია თურნავა: „ნამახვანი ჰესის“ კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება, სანამ არ მოხდება რამდენიმე ძირითადი კვლევის ხელახალი გადამოწმება"
12-03-2021

„ნამახვანი ჰესის“ ძირითადი ნაგებობების - კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება მანამ, სანამ არ მოხდება რამდენიმე ძირითადი კვლევის ხელახალი გადამოწმება, ვალიდაცია - ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დღეს, „რიონის ხეობის მცველებთან“ შეხვედრისას გააკეთა. ნათია თურნავას ინფორმაციით, „ნამახვანი ჰესის“ მშენებელ კომპანიასთან რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით შედგა შეთანხმება, მათ შორის დამატებით კვლევებამდე ძირითადი ნაგებობების მშენებლობის საკითხზე. 

„მიუხედავად იმისა, რომ „ნამახვანის პროექტი“ ერთ-ერთი კარგად შესწავლილი პროექტია, ჯერ კიდევ წინა საუკუნიდან მოყოლებული, უამრავი კვლევა ჩატარდა და განსაკუთრებით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენმა უწყებებმა დამატებით ბევრი კვლევა ჩაატარეს, იმისთვის, რომ ყველა საჭოჭმანო საკითხი საბოლოოდ მოიხსნას. რაც შეეხება პროექტის უსაფრთხოებას, კვლევების თვალსაზრისით საიმედოობას. ჩვენ შევთანხმდით კომპანიასთან, რომ ისინი არ დაიწყებენ ჰესის ძირითადი ნაგებობების, კერძოდ, კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობას მანამ, ვიდრე ჩვენ არ გავაკეთებთ პრინციპული რამდენიმე ძირითადი კვლევის ხელახალ გადამოწმებას, ვალიდაციას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, იმისთვის, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ეჭვი, ამ კვლევებისთვის სახელმწიფო თავად დაიქირავებს დამოუკიდებელ ექსპერტებს, მათ შორის ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა ნდობით აღჭურვილ ექსპერტებს, მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველ სპეციალისტებს.

მისივე ცნობით, დაგეგმილია შეიქმნას დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც შედგება მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველი ექსპერტებისგან და მათ შორის, იმ ადამიანებისგან, რომლებიც „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. საბჭო ზედამხედველობას გაუწევს პროექტს იმისთვის, რომ საბოლოოდ გამოირიცხოს მის უსაფრთხოებაზე რაიმე ეჭვები.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, მიღწეულია „ნამახვანი ჰესის“ კომპანიასთან შეთანხმება, რომ შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ფონდი, რომელშიც თავის კონტრიბუციას შეიტანს როგორც ინვესტორი, ასევე სახელმწიფო, ენერგეტიკის განვითარების ფონდის სახით. მინისტრის ინფორმაციით, მთლიანობაში, ეს იქნება 5 მილიონი ლარის ოდენობის ფონდი, რომელიც ჰესის მშენებლობის განმავლობაში იმოქმედებს, მხარს დაუჭერს და დააფინანსებს ხეობის მოსახლეობისთვის ყველა საჭირბოროტო პროექტს. 

„ეს ფონდი დაფარავს არამარტო უშუალოდ რამდენიმე სოფელს, რომლებიც მოყოლილია პროქტის არეალში, არამედ წყალტუბოს და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ძირითად სოფლებს, რომლებიც ხეობაში მდებარეობენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პროექტმა ხეობაში მოიტანოს მეტი განვითარება და ინვესტორ კომპანიას მოვთხოვოთ უფრო მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის აღება“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „ნამახვანი ჰესის“ ინვესტორ კომპანიასთან მიღწეულ კიდევ ერთ შეთანხმებაზე გაამახვილა ყურადღება. 

„დაინიშნება ქართველი დირექტორი, რომელიც გაუძღვება ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ. „ამ ბერკეტის მეშვეობით, ჩვენ მეტ გარანტიას უზრუნველვყობთ, რომ პროექტში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების უფლებები იყოს ბოლომდე დაცული, ასევე მოსახლეობასთან შედგეს სწორი კომუნიკაცია და პროექტის უსაფრთხოება იყოს დაცული“.