საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებული მდგომარეობა და ლიბერალური საინვესტიციო გარემოს შესახებ ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული მანქანა-დანადგარების მწარმოებელი კორპორაციის „დონგფანგის“ (Dongfang Electric Corporation) პრეზიდენტთან ჩენ ციანგთან, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.
შეხვედრაზე ნათია თურნავამ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებული ვითარების, ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალისა და ლიბერალური საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს შესახებ. მისი თქმით, საქართველომ საკმაოდ მალე დაძლია პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური გამოწვევები და უკვე მიმდინარე წლის ბოლოს შეძლებს, საპროგნოზო ზრდის ტემპი დააფიქსიროს. მინისტრის განცხადებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ახალი საერთაშორისო ინვესტიციების შემოსვლა, რისთვისაც საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს.
ჩინური კორპორაციის პრეზიდენტმა აღინიშნა, რომ კორპორაცია განიხილავს საქართველოში რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის საკითხს. ითქვა, რომ „დონგფანგი“, როგორც ჩინეთში ელექტროსადგურებისთვის განკუთვნილი მანქანა-დანადგარების უმსხვილესი მწარმოებლების სამეულში შემავალი კორპორაცია, გეგმავს როგორც ინვესტიციის განხორციელებას საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში, განსაკუთრებით, განახლებად ენერგეტიკაში, ასევე თანამშრომლობას ქვეყანაში დაგეგმილი მსხვილი ენერგეტიკული პროექტების ფარგლებში.
ჩინეთის სახელმწიფო კორპორაცია „დონგფანგი“ 1984 წელს დაარსდა. ის ჰიდრო, თბო და განახლებადი ენერგოსადგურების მანქანა-დანადგარებსა და მოწყობილობებს აწარმოებს. კორპორაციის წარმომადგენლობები აზიის რეგიონის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, ინდოეთში, პაკისტანში, ვიეტნამში და სხვა ქვეყნებში ფუნქციონირებს.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70