ლევან დავითაშვილი ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მინისტრს კაირბეკ უკსენბაევს შეხვდა
28-04-2022

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მინისტრს კაირბეკ უკსენბაევს და მის თანმხლებ პირებს შეხვდა. ყაზახეთის დელეგაცია საქართველოში მონაწილეობას მიიღებს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11-ე სხდომის მუშაობაში. 

შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული პრიორიტეტული საკითხები, მათ შორის, თანამშრომლობის გაღრმავება ტურიზმის, ინვესტიციების,  ტრანსპორტისა და სხვა მიმართულებით. აღინიშნა, რომ შთამბეჭდავია ორმხრივი ვაჭრობის ზრდის დინამიკა საქართველოსა და ყახაზეთს შორის - მხოლოდ 2022 წლის პირველ კვარტალში სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 123 პროცენტით, ხოლო ექსპორტი  - 150 პროცენტით გაიზარდა. ამის მიუხედავად, მინისტრებმა განაცხადეს, რომ პოტენციალი ქვეყნებს შორის დიდია და მას აუცილებლად შემდგომი განვითარება ესაჭიროება.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ ის შესაძლებლობები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის სრულად გამოყენებას. მათ შორის, ინფრასტრუქტურის განახლებას ჩვენი ქვეყნის პორტებში იმისთვის, რომ საქართველომ უფრო მეტი ტვირთის გატარება შეძლოს,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, ყაზახეთი მნიშვნელოვნად დამაკავშირებელ როლს თამაშობს ევროპასა და აზიას შორის და მისი ტერიტორიის გავლით მილიონ კონტეინერზე ყოველწლიურად მეტი ტვირთის გადაზიდვა ხდება.

ლევან დავითაშვილმა ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებაზე. „ვაგრძელებთ დეტალურ განხილვებს ჩვენს კოლეგებთან აზერბაიჯანში, ყაზახეთში, თურქეთში და გავაგრძელებთ მუშაობას იმ მიმართულებით, რომ შუა დერეფანმა მაქსიმალური კონკურენტუნარიანობა შეიძინოს და ის მაქსიმალურად დაიტვირთოს,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. 

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და გურამ გურამიშვილი, აგრეთვე სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე. 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021