ლევან დავითაშვილი იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ჰონდა ტაროს შეხვდა
04-05-2022

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ჰონდა ტაროს და მის თანხმლებ პირებს შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. 

შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და იაპონიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორმხრივი ვაჭრობის განვითარებაზე, თანამშრომლობაზე ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციების, ტრანსპორტის და სხვა სექტორებში. 

„საქართველო-იაპონიის ეკონომიკური ურთიერთობა საკმაოდ სტაბილურად ვითარდება, გასულ წელს ხელი მოეწერა შეთანხმება, რომელიც ხელს შეუწყობს ინვესტიციების დაცვას და ურთიერთაღიარებას, ასევე ინვესტიციებს წაახალისებს ორივე მხრიდან. იაპონიას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოსთან ინვესტიციების განხორციელების კუთხით. შეხვედრაზე გამოიკვეთა საინტერესო მიმართულებები ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციების სფეროების სახით. ჩვენ ამ მხრივ კონკრეტულ იაპონურ კომპანიებთან ვიმუშავებთ. ასევე საუბარი შეეხო საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს, რომელიც იაპონური კომპანიებისთვის სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება ევროპასთან დასაკავშირებლად“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.