რომეო მიქაუტაძემ საერთაშორისო კონფერენციაში - „საქართველოში ეკოეტიკეტირებისა და მდგრადი საჯარო შესყიდვების შესახებ მაღალი დონის დიალოგი“ მიიღო მონაწილეობა
25-10-2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე „საქართველოში ეკოეტიკეტირებისა და მდგრადი საჯარო შესყიდვების შესახებ მაღალი დონის დიალოგის“ ფარგლებში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, თანამედროვე პირობებში ეკონომიკური ზრდის მისაღწევად საჭიროა ახალი ტიპის - მწვანე ზრდაზე ორიენტირებული ეკონომიკური მოდელის დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის მოდერნიზაციას ახალი ტიპის, მწვანე ტექნოლოგიების დანერგვის გზით. მისივე თქმით ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის პრინციპების დანერგვა კერძო სექტორში ხელს უწყობს კონკურენციის განვითარებას, დასაქმებისა და შემოსავლების ზრდას; ხოლო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში გამოიწვევს დანახარჯების შემცირებასა და ეფექტიანობის ამაღლებას. შედეგად, მივიღებთ გაუმჯობესებულ ბიზნეს გარემოს, ბაზრის დივერსიფიკაციას, მეტი სამუშაო ადგილებს და ძლიერ ეკონომიკურ მაჩვენებლებს. 

რომეო მიქაუტაძემ ასევე აღნიშნა რომ, მწვანე პროდუქტების და სერვისების მწარმოებლებისათვის მდგრადი საჯარო შესყიდვები უზარმაზარ შესაძლებლობას ხსნის. „ჩვენი სამინისტრო გეგმავს მწვანე ზრდის სტრატეგიის შემუშავებას. მდგრადი საჯარო შესყიდვები და ეკო-ეტიკეტირება მწვანე ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია. მდგრადი საჯარო შესყიდვებისას, საჯარო ხარჯები ხელს უწყობს კერძო სექტორს, რათა მან თავის საქმიანობაში გააუმჯობესოს გარემოსდაცვითი და სოციალური მახასიათებლები, ეკო-ეტიკეტირება კი ქმნის საბაზრო სტიმულებს და წამახალისებელ მექანიზმებს, რომ მომხმარებლებმა არჩევანი გააკეთონ ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ მდგრადობის გარკვეულ მოთხოვნებს,“ - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ. 

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს მწვანე ეკონომიკის პრინციპებზე გადასვლას, მათ შორის მდგრადი საჯარო შესყიდვებისა და ეკოეტიკეტირების სისტემების შექმნას. ეკოეტიკეტირება მდგრადი საჯარო შესყიდვების ერთ-ერთ იმ ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომელსაც მხარს უჭერს ევროკავშირი. ამასთან, მდგრადი საჯარო შესყიდვები განიხილება, როგორც ეფექტური გზა, მწვანე ეკონომიკის მოდელზე გადასასვლელად. კონფერენცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ EU4Environment (ევროკავშირი გარემოსთვის) პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2021 ©