რომეო მიქაუტაძე წყალბადის ენერგეტიკის შესახებ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
22-11-2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე წყალბადის ენერგეტიკის შესახებ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა, მისი განცხადებით „მწვანე წყალბადის“ ტექნოლოგიის განვითარება არა მხოლოდ დააბალანსებს ენერგეტიკულ სისტემას, არამედ ხელს შეუწყობს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, შექმნის ახალ ბიზნეს შესაძლებლობებსა და სამუშაო ადგილებს.

ფორუმი საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA), ევროკავშირის პროგრამის EU4Energy ფარგლებში და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა, რომლის დროსაც გაკეთდა სააგენტოს 2022 წლის გლობალური წყალბადის ანგარიშის პრეზენტაცია.  

„საქართველომ დიდი ინტერესი გამოხატა „მწვანე წყალბადის“ ტექნოლოგიების მიმართ. საქართველოს ენერგეტიკის კანონმდებლობა და ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული გეგმის (NECP) პროექტი უკვე შეიცავს დებულებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს წყალბადის ათვისებას ენერგეტიკის სექტორში. 2021 წლის ნოემბერში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობასა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკს (KfW) შორის, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში „მწვანე წყალბადის“ განვითარების ხელშეწყობას. ამ შეთანხმების ფარგლებში შეფასდება საქართველოში მწვანე წყალბადის განვითარების პოტენციალი მწვანე წყალბადის საპილოტე პროექტის შემდგომი განხორციელებისთვის“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განაგრძობს წარმატებულ თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან „მწვანე წყალბადის“ და სხვა ტექნოლოგიური პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით.

ფორუმზე აღინიშნა, რომ საქართველო, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრი, ჩართულია „მწვანე წყალბადის“ განვითარების ევროპულ პროცესებში. ამავე დროს, საქართველო, საკუთარი განახლებადი ენერგიის პოტენციალით და სახარბიელო გეოგრაფიული განლაგებით, განიხილავს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების, სარგებლის მიღებას როგორც საკუთარი რესურსების განვითარებით, ასევე სხვა ქვეყნებიდან ტრანზიტის ხელშეწყობით. 

ფორუმში ქართველ სპეციალისტებთან ერთად, მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის და მოლდოვის წარმომადგენლები, რომლებმაც გააკეთეს პრეზენტაციები მათი ქვეყნების ხედვასა და ინტერესებზე წყალბადის პოლიტიკაში.