ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მონაწილეობა მიიღო „ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიაში, რომელზეც განხილული იქნა შუა დერეფნის მნიშვნელობა და საქართველოს როლი. დისკუსია საქართველოს ბანკისა და ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა და მას სახელმწიფო და ბიზნეს სექტორის, ანალიტიკური და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი და ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების თავმჯდომარე, გიორგი ჯახუტაშვილი. დისკუსიას მოდერაციას უწევდა „ჯეოქეისის“ ეკონომიკური მიმართულების დირექტორი, გიორგი აბაშიშვილი.
დისკუსიის მონაწილეებმა მიმოიხილეს საქართველოს ახალი შესაძლებლობები შუა დერეფნის უპირატესების კუთხით, აგრეთვე საქართველოს ახალი როლი ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო, ლოგისტიური, ენერგეტიკული და ციფრული კავშირების მიმართულებით. ასევე გაკეთდა ანალიზი სახელმწიფოს პოზიციის, მოქმედებების, პარტნიორების ჩართულობის შესაძლებლობების, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობებისა და პროექტების შესახებ.
„შუა დერეფნის ცნობადობა მნიშვნელოვნად გაზრდილია. ის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და სანდო სატრანსპორტო მარშრუტია ევროპასა და აზიას შორის. ამასთან, ჩვენს დერეფანს გააჩნია კონკურენტული უპირატესობა რიგ ბაზრებთან წვდომის უზრუნველყოფის კუთხით. საქართველოს მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიცირების თვალსაზრისით, აზიიდან მომავალი ტვირთები შეიძლება გადაიზიდოს როგორც სახმელეთო ტრანსპორტით თურქეთისკენ, ისე შავი ზღვის ნავსადგურების მეშვეობით“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
მისი თქმით, 2021 წელს შუა დერეფნის გავლით ჩინეთიდან ევროპისკენ და უკუმიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვების მოცულობა გასამმაგდა და 10, 000 TEU-ს გადააჭარბა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია 22%-ით.
ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, საქართველო მზად ხვდება გაზრდილ ტვირთნაკადებს. თუმცა, ამავე დროს, სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად აუცილებელია მთლიან დერეფანში სატრანსპორტო ოპერაციების ეფექტურობის გაზრდა და კოორდინაციის გაუმჯობესება.
"ამ მხრივ, განსაკუთრებით აქტუალურია სატრანსპორტო დერეფნის გაციფროვნება - სატრანსპორტო დოკუმენტების დიგიტალიზაცია, მიკვლევადობის სისტემების დანერგვა, ინფორმაციის ელექტრული ურთიერთგაცვლის უზრუნველყოფა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სატრანსპორტო გადაზიდვების სისწრაფესა და მოიქნილობას“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მსხვილ სატრანსპორტო - ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, საერთაშორისო ინვესტიციებზე აღნიშნულ სექტორში, აგრეთვე შავ ზღვაზე სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებაზე.
პროექტის „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნესის სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70